ირაკლი სესიაშვილი: ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს

ირაკლი სესიაშვილი: ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს

„საქართველო ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, ცეცხლი შეწყვიტონ და მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობას და დიალოგს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

„რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს.

ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესს დააკვირდებიან,მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სომხეთის მთავრობა საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ იმსჯელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.