არჩილ თალაკვაძე: ჩვენი, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული

ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი რეგიონი გამოწვევებითაა სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. როგორც ორივე მხარე იუწყება, დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელ სხდომაზე, სომხეთის მთავრობა საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ იმსჯელებს.