საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
59 წლის ქალი ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. შეყვანის დროსვე პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა.
„რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.