კამბოჯაში გაწვრთნილმა ვირთხამ 39 ნაღმი და 28 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა იპოვა, რის გამოც საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის საპატიო ჯილდო მიიღო.
PDSA 1943 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოებს ცხოველებს, რომლებმაც სამხედრო პირობებში სიმამაცე და გმირობა გამოიჩინეს. პირველად ისტორიაში ეს საპატიო ჯილდო ვირთხას ერგო. გიგანტური აფრიკული ჩანთოსანი ვირთხა სახელად მაგავა კამბოჯაში ტერიტორიის განაღმვაში მიიღო მონაწილეობა.
1967-1975 წლების სამოქალაქო ომის დროიდან კამბოჯის ტერიტორიაზე 6 მილიონზე მეტი ნაღმია დარჩენლი. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში ნაღმზე აფეთქებას 77 ადამიანი ემსხვერპლა, 40 ათასზე მეტ ადამიანს კი კიდურები აქვს ამპუტირებული, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვირთხებს განაღმვის სამუშაოებში მათი მცირე წონის გამო იყენებენ - როდესაც ვირთხა ნაღმს აბიჯებს, ის არ ფეთქდება. გარდა ამისა, ვირთხები ტერიტორიას ადამიანზე უფრო სწრაფად იკვლევენ - ერთი და იმავე ფართობის შესასწავლად ვირთხას 30 წუთი, ადამიანს კი რამდენიმე დღე დასჭირდება. ეს უკავშირდება იმას, რომ ვირთხებს ქიმიურ შენაერთებზე რეაგირებას ასწავლიან და ისინი, ლითონდეტექტორით შეიარაღებული ადამიანისგან განსხვავებით, უბრალო ლითონის ნივთებზე არ რეაგირებენ.
PDSA-ის ინფორმაციით, მაგავა ახლა 7 წლისაა. 70 სანტიმეტრის სიგრძის ვირთხამ, რომელიც 1,2 კილოს იწონის, ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი ტანზანიაში გაიარა, შემდეგ კი კამბოჯაში მუშაობა დაიწყო. საერთო ჯამში მას უკვე 141 ათასი კვადრატული ფართობი აქვს გამოკვლეული.