თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პირველი დაკავებული ჰყავს - ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილის მიზეზების დადგენის პროცესში იმ პირის დანაშაული გამოიკვეთა, ვინც ე.წ. სატელიტის ფოტოთი ამტკიცებდა, რომ ბაჩალიაშვილი მოკლეს. პროკურატურამ დააკავა დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს გაყალბებული სატელიტის ფოტოები მიაწოდა. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავებაც მოხდეს.
ახლა გასარკვევია, რა არის მოტივი, რის გამოც დავით ფურცხვანიძემ ადვოკატს ფალსიფიცირებული ფოტოები მიაწოდა. იყო თუ არა ეს ამ საქმის და მიხეილ რამიშვილის დისკრედიტაციისთვის გამიზნული ქმედება, ანგარებით ჩადენილი დანაშაული, თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია. რატომ ეგონა დავით ფურცხვანიძეს, რომ ამ ფოტოებს პროკურატურა ექსპერტიზაზე არ გადაამოწმებდა? კითხვები ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართაც ისმის, რატომ იჩქარა მან ამ ფოტოების გამოქვეყნებისას და სამართლებრივად რა სასჯელი შეიძლება ე.წ. წყაროს დაეკისროს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დავით ფურცხვანიძემ სურათები საკუთარ შვილს გააყალბებინა. მას შემდეგ, რაც ის წყაროდ მიხეილ რამიშვილმა დაასახელა, ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო კი დამონტაჟებული ფოტოს გამავრცელებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაინტერესდება თუ არა გამოძიება დაკავებულის შვილით უცნობია. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა პირის დანაშაულიც გამოიკვეთოს. სავარაუდოდო, საქმეში ფურცხვანიძის აღიარებითი ჩვენება დევს, სადაც ის ადასტურებს, რომ მამამ ფოტოები გასაყალბებლად მას გადაუგზავნა.
ფურცხვანიძის დაკავებიდან მალევე, საკუთარი დაკავება დააანონსა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც მიიჩნია, რომ პროკურატურის ქმედება არის გზავნილი მისთვის, რომ უახლოეს დღეებში მასაც წაუყენებენ ბრალს და ბაჩალიაშვილის საქმის წარმოებას ჩამოაშორებენ.
პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით გამოძიება გრძელდება.
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად for.ge ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს და უსფრთხოების ანალიტიკოს ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს ფოტოები, როგორც მტკიცებულება გამოძიებისთვის არ წარუდგენია. ეს იყო მხოლოდ ინფორმაცია და ამ ფორმით გაასაჯაროვა. რამიშვილის თქმით, როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ მტკიცებულება წარადგინა, მას თავისი პროცედურა ახლავს. მაშინ უნდა დაყენებულიყო შუამდგომლობა და გარკვეული დოკუმენტები უნდა შედგენილიყო. ამიტომაც მტკიცებულებების გაყალბება არსად ჩანს.
„რაც შეეხება დავით ფურცხავნიძეს, ის არის რიგითი წყარო. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველას წყაროები უნდა დავაკავოთ. დაკითხვისას დავით ფურცხვანიძემ დაასახელა ის პირი, ვინც მას სურათები გადმოუგზავნა. პროკურატურა მთელი დაკითხვის დროს იმას ცდილობდა, რომ ფურცხვანიძეს ეთქვა, რომ ყველაფრის დამკვეთი მე ვიყავი. მთავარი იყო ფურცხვანიძეს ეთქვა, რომ დაკვეთა ადვოკატმა მომცაო. ასევე, ვითომ ვიცოდი, რომ ეს ყალბი ფოტოები იყო. გამოძიებას არ ადარდება ეს რელური ფოტოები იყო თუ არა. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ჩემს დაკავებას ცდილობს. როგორც კი რაიმე ინფორმაციას გავაჟღერებ, მაშინვე პროკურატურის ბრიფინგები ინიშნება. დღემდე არ არის დაკითხული ის ხალხი, ვინც ჩვენს მიერ არის დასახელებული. ფურცხვანიძემ თქვა, რომ მე ვარ პასუხისმგებელიო, რა მიზანი ჰქონდა, ეს გამოძიებამ დაადგინოს. ეს კაცი არის უბრალოდ წყარო, რომელმაც ინფორმაცია მომაწოდა. ყველანაირი ინფორმაცია გადაიწერეს ჩემი ტელეფონიდან და ეს არ არის ჩემს პირად სივრცეში შემოჭრა? დავით ფურცხვანიძეს არ ვიცავ და ყველამ თავის თავზე პასუხი აგოს“, - აცხადებს რამიშვილი.
რამიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფურცხვანიძემ დაკავების შემდეგ მას ხელი დაადოს და თქვას, რომ ადვოკატმა დაუკვეთა ფოტოები. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის ინფორმაცია და არა მტკიცებულება, ამიტომაც სამართლებრივად ფურცხვანიძის პასუხისმგებლობა როგორ უნდა დადგეს, რთული წარმოსადგენია.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და გადამდამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება დავით ფურცხავნიძის დაკავება მომხდარიყო, თავად მისმა ქცევამ და განცხადებებმა დააჩქარა. ალადაშვილი ამბობს, რომ უწყების ქმედება ლოგიკური იყო, რადგანაც ფურცხვანიძემ დააანონსა, რომ ის ამერიკაში წასვლას და იქიდან კიდევ დამატებით ფოტოების ჩამოტანას აპირებდა. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში ფოტოების მოპოვებას ან გადმოგზავნას სადმე წასვლა და გაფრენა არ სჭირდება. ამიტომაც მას რომ ქვეყანა არ დაეტოვებინა, ის პროკურატურამ დააკავა.
ანალიტიკოსის თქმით, პროკურატურამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მარტივი გზა აირჩია იმის დასასაბუთებლად, რა მოტივაცია ამოძრავებდა ფურცხვანიძეს ფოტოების გაყალბებისას - დაკავებულს გაყალბების ორი მიზეზი შეიძლება ამოძრავებდეს: 1. მას, შესაძლოა, ეს მართლა გამორჩენის მიზნით და გარკვეული სახელის მოხვეჭისთვის გაეკეთებინა. ფიქრობდა, რომ გარკვეული სახის გრანტს აიღებდა, თუმცა გაყალბებული ფოტოებით ეს რატომ გარისკა კიდევ სხვა თემაა.
- თუკი ფურცხვანიძის ბეგრაუნდს და საქმიანობას გადავხედავთ, შესაძლოა, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარკვეეულ დავალებას ასრულებდეს. მას რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს.
„მე ვფიქრობ პროკურატურა მოტივის დასახელებისას ცოტა მარტივ გზას დაადგა და ამაში ვეთანხმები კიდეც. მათ რომ თქვან ფურცხვანიძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, მაშინ ამის მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ, რადგან ამ ამბავს სკანდალი მოჰყვება. ასევე, შესაძლოა, გამოძიების პროცესში რეალური მიზანი მართლაც დაიმალოს. ამიტომ მიზეზი ანგარება დაასახელეს. თუმცა, გამოძიება, ალბათ, სხვა მიმართულებითაც მუშაობს.
ვინც ენჯეობის მუშაობის სტილი იცის, ყველა მიხვდება, რომ ამ გაყალბებული ფოტოებით ვერანაირ გრანტს ვერ მიიღებდა. მეორე კითხვა ჩნდება, რატომ ეგონა ფურცხვანიძეს, რომ ამას პროკურატურა არ გადაამოწმებდა? თუ იცოდა, რომ გადაამოწმებდნენ და ეს მაინც გააკეთა, კიდევ დამატებით კითხვები ჩნდება - იქნებ მის გარშემო ვიღაცა გარკვეულ პროცესებს ამზადებს და ეს მხოლოდ რაღაცის დასაწყისი იყო. ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ეს იყოს წინასწრ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაცია, რათა ამ საქმის კიდევ უფრო გართულება მოხდეს. ალადაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ყურადღება ყარაბაღის თემას უნდა მიაქციოს, როდესაც ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისმა შვილმა ყარაბაღის ომზე და იარაღით ვაჭრობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს თემაც ფურცხვანიძის მიერ არის შემოტანილი. ამიტომაც ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ქვეყანა დაინტერესებული იყოს ამ სისხლის სამართლის საქმის გართულებით, სოციალური და პოლიტიკური ქაოსის შექმნით.
„ძალიან მარტივია ერთი თვალის შევლებით, როდესაც სურათების შედარებას მოვახდენთ, მივხვდეთ, რომ ფურცხვანიძის მიერ რამიშვილისთვის მიწოდებული ფოტოები ყალბია. სანამ პროკურატურა ექსპერტიზას ჩაუტარებდა, ეს სხვა სპეციალისტებმა სოციალურ ქსელშიც კი დაწერეს. ასევე კომპანია ზუმმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის 2019 წლის, თუ არ ვცდები, ნოემბრის ფოტოები და ის გაზაფხულზე გადაღებული არაა. ამიტომაც მიკვირს ადვოკატის, რომ მან იჩქარა და სურათების ავთენტურობა სპეციალსიტებთან არ გადაამოწმა. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა.
ასე, ჰაერზე რაღაცა ვერსიების გადმოდგება ხომ არ შეიძლება. როგორც პროკურატურის მხრიდან არის გარკვეული შეცდომები, ასევე დაზარალებული გოგონას ინტერესების დამცველების მხრიდანაც იკვეთება შეცდომები. ხომ არ შეიძლება ასე უპასუხისმგეებლოდ მოქცევა. თუ ეს სხვა ქვეყნის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა, მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ამას რა შემდგომი განვითარება შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა, ეს არის ერთი გეგმის ნაწილი და რაღაცა მოძრაობაც კი შეიქმნას უკანონოდ დაკავებული ფურცხვანიძის გადასარჩენად“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება იმაზე აპელირებას რატომ არ ხდება პროკურატურის მხრიდან სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების მოპოვება და იმის დამტკიცება, რომ ავტომობილი იქ იდგა, ალადაშვილი განმარტავს, რომ ასეთი ფოტოების მოძიება მარტივი არ არის და ამისთვის პროკურატურას დროს სჭირდება. ასევე შესაძლოა, რელობაში აღნიშნულ ლოკაციაზე გადაღებული ფოტოებიც არც არსებობდეს.
„სატელიტური ფოტოების მოპოვების კუთხით, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას და ამაში ვინც ერკვევა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. ხოლო ეს თანამგზავრი, შესაძლოა, იყოს რომელიმე ქვეყნის დაზვერვის ან მეტეოროლოგიური სამსახურის და საკამოდ ძვირადღირებული სიამოვნება. ეს თანამგზავრები არიან კონკრეტულად იმ ტერიტორიისკენ მიმართული, რომელიც მათ ინტერესებში შედის. თუ სპეციალური დავალება არ იქნებოდა, ან რომელიმე პროექტის შემადგენელი ნაწილი, არც ერთი უცხოური ორგანიზაცია თუ ქვეყანა მაწევარის და თეთრი წყაროს ტყეს არ გადაიღებდა. ამიტომაც იმაზე აპელირება, რომ ეს ფოტოები უეჭველად არსებობს, ძალიან დიდი ტყუილია. არ შეიძლება ამ ტრაგედიის ასე გამოყენება და ოჯახის შეცდომაში შეყვანა. ამიტომაც პროკურატურას უნდა ვადროვოთ და უნდა გავიგოთ, რომ ფოტოებს ვერ მოიტანენ“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
ისე სანამ ექსპერტი გახდებოდი, ჯერ ქართული უნდა გესწავლა- "ბეგრაუნდი"