ჩეჩნეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვა შუა საუკუნეების ქართული წარწერით, რომელზეც იკითხება „ქრისტე“, ასევე, გარკვეული სახელებია მოხსენიებული. ამ ეტაპზე მეცნიერული კვლევით უნდა დადგინდეს, ეს აღმოჩენა საფლავის ქვის ნაწილია, თუ ქტიტორების სახელებს გადმოსცემს.
უფრო კონკრეტულად, ამ ისტორიულ ქვას, მასზე დატანილი ასომთავრული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტით მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას იტუმ-კალინსკის რაიონში, ბაულოს დასახლებაში მიაკვლიეს. არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი.
მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოჩენა ასახავს ადრეული შუასაუკუნეების ტენდენციას, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ჩეჩნურ-ვაინახური ეთნოსი ქართულ დამწერლობას იყენებდა.
ახალი აღმოჩენის შესახებ საკუთარი ფეისბუქით გვამცნო ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა.
არქეოლოგ გივი ღამბაშიძისთვის მსგავსი აღმოჩენები ახალი არაა. For.ge- სთან საუბრისას მეცნიერი ამბობს, რომ ვაინახური სამყარო, ანუ ჩეჩნურ-ინგუშური სივრცე შუა საუკუნეებში საერთო სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდა ქართველებთან ერთად და ექვემდებარებოდა მცხეთის საკათალიკოსოს. ამიტომაცაა უამრავი წარწერა როგორც ინგუშეთის, ისე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ეს არანაირად გასაკვირი არ არის. თემურ ლენგის შემოსევის შემდეგ კი ირღვევა ეს ურთიერთობები, მით უმეტეს, იმ პერიოდში საქართველოში რთული სიტუაციაა, სამთავროებად და სამეფოებად იყოფა ჩვენი ქვეყანა და საერთო კავკასიური ერთობა, სამწუხაროდ, შეწყდა. ეს მაშინ, როცა ვაინახურ სამყაროში ძლიერად იყო გავრცელებული ქრისტიანობა.
„ამ საქმის სპეციალისტად ჩამოვყალიბდი, 1969 წლიდან ტყობა- ერდის უშველებელი ტაძარი აღვადგინეთ ინგუშეთის ტერიტორიაზე, იქ უამრავი ქრისტიანული საფლავია, უამრავი ქართული წარწერაა, მათ შორის, მე-10 საუკუნის გიორგი ეპისკოპოსის სამი წარწერა, სვეტიცხოვლის აღმდგენელისა და განმამშვენიერებლის, საქართველოს პირველი პატრიარქის მელქისედეკ პირველის კათალიკოსის წარწერა, სადაც ის მოხსენიებულია აღმოსავლეთის პატრიარქად. ამდენად, ქართველებს საერთო კონფესიური, რელიგიური, კულტურული და ისტორიული ძირები გაგვაჩნია ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან, მათ შორის, ვაინახებთან, ანუ ქართული წყაროებით, ძურძუკებთან. ისინი ქრისტიანები იყვნენ და მცხეთის საკათალიკოსო საპატრიარქოს წიაღში შედიოდნენ მე- 10 საუკუნის მიწურულიდან მე- 14 საუკუნემდე“, - აცხადებს გივი ღამბაშიძე.
მეცნიერის განმარტებით, ასეთი აღმოჩენები შეიძლება კიდევ ბევრი იყოს, სხვათა შორის, გვიან შუასაუკუნეებში იღებენ ისლამს ჯერ ჩეჩნები, მერე ინგუშები, ასე რომ, ხელნაწერები თუ ეპიგრაფიკული ძეგლები, რაც აქამდე აღმოჩენილა, ცნობილია მეცნიერებისთვის და მომავალშიც აღმოჩნდება არქეოლოგიური თუ სხვა შემთხვევითი სამუშაოების დროს. ყოველი ასეთი აღმოჩენა მიუთითებს, რა მჭიდრო ისტორიული სახელმწიფოებრივი კავშირი გვქონდა. ისინი ჩვენი მოდგმის ხალხია გენეტიკურადაც, ენობრივადაც, საერთო კავკასიურ ენათა ჯგუფში შედიოდნენ.
გივი ღამბაშიძეს კავკასიური ერთობის დასტურად კიდევ ერთი ფაქტი მოჰყავს, ჩვენი პირველი დედოფალი, ფარნავაზ მეფის მეუღლე სწორედ ძურძუკი ბრძანდებოდა. უამრავი რამ გვაქვს საერთო, ეთნოგრაფიულიც, ყოფითიც, მაგრამ გვიან შუა საუკუნეებში ვცილდებით ერთმანეთს.
„როგორც ჩანს, ჩვენი ურთიერთობები უკვე ბაგრატ მესამის ეპოქიდანაა. ტყობა ერდის ტაძარი ჩემს მიერ დათარიღებულიაა მეათე საუკუნის მეორე ნახევრით, იქ არის არსენ კათალიკოსის წარწერა, საუბარია არსენ მეორეზე, რომელიც კათოლიკოსი გახლდათ 955-980 წლებში. ღმერთმა ინებოს, მომავალშიც კავკასიელი ხალხები ისევე მჭიდრო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან, როგორც წარსულში, რადგან მომავალი აუცილებლად წარმოშობს ჩვენი დიდი ისტორიული ერთობის კარგ გახსენებას“.
არქეოლოგი აცხადებს, რომ დღესდღეობით ჩრდილო კავკასიაში ქართველების მონაწილეობით საერთო არქეოლოგიური გათხრები შეწყვეტილია.
„ერთადერთი, მე ვმუშაობდი, ჩემი ექსპედიცია მონაწილეობდა ამ საქმეში და 1976 წლიდან მოყოლებული, დაღესტან- საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია გვქონდა. ბოლო ჩემი გათხრები იყო 1986 წელს დაღესტანში. დიდი აღმოჩენა იყო, როცა 12 მოციქულის ტაძარი გავთხარეთ 2500 მეტრზე ზღვის დონიდან, საუბარია ხუნწარს დამყურე არქაროს მთაზე დაღესტანში 16 ქართული წარწერით. 2500 მოხსენება გვაქვს გამოქვეყნებული კავკასიელ ხალხთა მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით უკვე ვეღარ გრძელდება ეს მჭიდრო ურთიერთობები“.