ელენ დეჯენერესმა თავისი თოქშოუს ახალი სერია ბოდიშის მოხდითა და იმის აღიარებით დაიწყო, რომ "ის რაღაცები, რაც აქ მოხდა, არასდროს უნდა მომხდარიყო".
ორშაბათს, 21 სექტემბერს, ელენ დეჯენერესის შოუ ეკრანებზე პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც შოუს გადასაღებ მოედანზე ტოქსიკური სამუშაო გარემოს არსებობის ბრალდებები გაჩნდა.
"ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებ და მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვისზეც ამან იმოქმედა", — თქვა წამყვანმა.
მან თქვა, რომ გამოძიების შემდეგ "საჭირო ცვლილებები" განხორციელდა.
არამართლზომიერი ქცევების ბრალდებების გამო ცოტა ხნის წინ შოუს სამი პროდიუსერი დაითხოვეს.
დეჯენერესმა შოუ სახასიათო კომედიური ტონით დაიწყო და კამერაში თქვა: "თუკი იმიტომ მიყურებთ, რომ გიყვარვართ, მადლობა. თუკი იმიტომ მიყურებთ, რომ არ გიყვარვართ, მოგესალმებით".
ელენი მალევე დასერიოზულდა და შოუში ტოქსიკურ გარემოსა და სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე ისაუბრა: "აღმოვაჩინე, რომ აქ მოხდა ისეთი რაღაცები, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. თუკი ოდესმე ვინმეს იმედი გამიცრუებია, ვინმესთვის გული მიტკენია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი".
ელენმა დაამატა, რომ, როგორც პრივილეგირებულ პოზიციაზე მყოფი პიროვნება, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდებოდა შოუში.
"ჩვენ საჭირო ცვლილებები განვახორციელეთ და დღეს ახალ თავს ვიწყებთ", — უთხრა მან მაყურებლებს.
ეს მოიცავდა იმის დაანონსებას, რომ სტუდიის DJ Twitch ახლა თანააღმასრულებელი პროდიუსერი გახდა.
ელენმა იხუმრა, რომ "იყავი კეთილი ლედის" იარლიყით არსებობა საკმაოდ რთული პოზიციაა: "თქვენი თავისთვის ახალი მეტსახელის ან ტიტულის მინიჭება თუ გსურთ, 'იყავი კეთილი ლედი' ნუ იქნებით. არ ქნათ ეს".
თუმცა, მისი თქმით, პრესასა და სოციალურ მედიაში არსებული ინფორმაციის საპირისპიროდ, "სიმართლე ისაა, რომ მე ის პიროვნება ვარ, რომელსაც ტელევიზორში ხედავთ. მე კიდევ ბევრი რამ ვარ. ზოგჯერ სევდიანი ვარ, ვბრაზდები ხოლმე, ვშფოთავ, იმედი მიცრუვდება, მოუთმენლობაც მჩვევია და ამ ყველაფერზე ვმუშაობ".
ელენმა განაცხადა, რომ მას სურს, მის შოუზე მომუშავე 270 თანამშრომლიდან "თითოეული იყოს ბედნიერი და ამაყი, რომ აქ მუშაობს".