ჯოან როულინგის მიერ რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ახალი თრილერი, Troubled Blood, მხოლოდ ხუთ დღეში თითქმის 65-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა და გაერთიანებულ სამეფოში გასული კვირის ბესტსელერი გახდა.
გასულ კვირას წიგნის გამოსვლამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გამოიწვია, რაც The Telegraph-ში გამოქვეყნებულ გამოქვეყნებულ რეცენზიაში მიმომხილველმა აღნიშნა, რომ ნაწარმოების მთავარი ბოროტმოქმედი პერსონაჟი "ქალად გადაცმული კაცი" იყო.
"არასდროს ენდო კაბიან კაცს" — ასეთი ინტერპრეტაციით წარმოდგენილი წიგნი ბრიტანელი მწერლის ტრანსფობიაში დადანაშაულების კიდევ ერთი საფუძველი გახდა.
კორმორან სტრაიქის სერიის მეხუთე ნაწილი, სადაც როულინგის შექმნილი კერძო დეტექტივი ათწლეულების წინ მომხდარი ექიმი ქალის გაუჩინარების ამბავს იძიებს, 15 სექტემბერს გამოიცა. რეცენზიაში ნათქვამია, რომ რომანში მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, დენის ქრიდი, "ტრანსვესტიტი სერიული მკვლელია", ეს დეტალი კი შეფასებულია როგორც როულინგის მორალად "არასდროს ენდო კაბიან კაცს".
სწორედ ამის შემდეგ გაღვივდა მინელებული პოლემიკა ინტერნეტსივრცეში, როცა ჰარი პოტერის შემქმნელს ტრანსფობიაში ადანაშაულებდნენ ტრანსადამიანებზე გაკეთებული განცხადებების გამო. ამას მოჰყვა ჰეშტეგკამპანია #RIPJKRowling ("მშვიდად განისვენე, ჯოან როულინგ") და წიგნების დაწვის მოწოდებები ტვიტერზე.
საკუთარი პერსონაჟის შესახებ ატეხილ სკანდალზე როულინგს კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქრიდი ორი რეალური მკვლელის პროტოტიპზეა დაფუძნებული.
ავსტრალიის ერთ-ერთმა წიგნის მაღაზიამ განაცხადა, რომ როულინგის ახალ წიგნს არ გაყიდდა. ასეთივე განცხადება გააკეთა მსოფლიოში არაერთმა ცნობილმა წიგნის მაღაზიამ, მას შემდეგ, რაც ივნისში ბრიტანელმა ავტორმა ესე გამოაქვეყნა. ესეში როულინგი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ტრანსადამიანების შესახებ და აღნიშნავს, რომ თუკი მათ ჰორმონალური თერაპია ან ტრანზიციის პროცესი არ გაუვლიათ, არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ქალისთვის განკუთვნილი სივრცეებით ისარგებლონ. Newsweek-ის ცნობით, ამის პასუხად TikTok-ზე ახალი ტრენდი გაჩნდა, სადაც ჰარი პოტერის ყოფილი ფანები წყრომას როულინგის წიგნების დაწვით გამოხატავენ.
მიუხედავად ამ მწვავე პოლემიკისა, Troubled Blood-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება. გამოცემიდან ხუთ დღეში მისი 64 633 ეგზემპლარი გაიყიდა. თჰე Bookseller-ის ცნობით, ეს მონაცემი "ბევრად მეტია", ვიდრე გელბრეითის ფსევდონიმით შექმნილი სხვა წიგნების პირველი კვირის გაყიდვების მაჩვენებელი. რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება სერიის წინა წიგნის, Lethal White-ის პირველ კვირაში გაყიდულ ეგზემპლართა რაოდენობას.