მანგისა და ანიმეს სამშობლოში, იაპონიაში, ცოტა ხნის წინ რეალური ზომის მოძრავი RX-78-2 Gundam ააგეს, თუმცა ამომავალი მზის ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ამაზე არ შეჩერებულიყო.
იაპონელები უზარმაზარი ზომის კიდევ ერთ საყვარელ პერსონაჟს მიადგნენ და წინა წლის მიწურულს განაცხადეს, რომ რეალური ზომის გოძილას ქანდაკებას ააშენებდნენ კუნძულ ავაჯიზე, ჰიოგოს პრეფექტურაში.
თავიდან ქანდაკების აშენება ამ ზაფხულს იგეგმებოდა, მაგრამ მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. თუმცა ახლახან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ პროგრესი საკმაოდ მდგრადია და გიგანტური ზომის ხვლიკების მეფე მშვენივრად გამოიყურება. ბოლომდე აშენებისას ქანდაკება სიგრძეში 120 მეტრამდე იქნება და თვით განდამსაც კი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.
ჯერჯერობით გახსნის ოფიციალური თარიღი არ არის ცნობილი.