ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლზე ისაუბრა, მას შემდეგ, რაც მარკლმა ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"(მეგანი) დიდად არ მიყვარს. ამას თავისუფლად ვამბობ და, ალბათ, მასაც გაუგია, თუმცა ჰარის იღბალს ვუსურვებ — ის მას ნამდვილად დასჭირდება", — განუცხადა ტრამპმა პრესას თეთრი სახლის ბრიფინგის დროს.
პრეზიდენტის ეს კომენტარი მეგანისა და მისი ქმრის, დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის, ვიდეოს მოყვა, რომელშიც მეგანი ამბობს, რომ ყოველ ოთხ წელიწადში არჩევნებზე საუბრისას ყოველთვის ამბობენ, რომ ეს "ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია".
"თუმცა ამჯერად ეს მართლა ასეა", — დასძენს ის.
ვიდეოში წყვილი ამერიკელებს მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და ახსოვდეთ ონლაინ დებატების ნეგატიური ტონი, აგრეთვე ეძიონ წესიერება და "ააშენონ თანამგრძნობი საზოგადოება".
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ამერიკელებს ხმის მიცემისკენ მოუწოდეს და არა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისკენ — ისინი არც დონალდ ტრამპს მიმხრობიან და არც დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს. მიუხედავად ამისა, ბევრმა მაყურებელმა მათი კომენტარები ტრამპისადმი კრიტიკულად მიიჩნია.
"ნოემბერი ახლოვდება და მნიშვნელოვანია, უარვყოთ დისკრიმინაციული საუბარი, დეზინფორმაცია და ონლაინ ნეგატიურობა", — თქვა ჰარიმ, რომელიც ცოლთან ერთად ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს. მან აგრეთვე თქვა, რომ "მთელი ცხოვრებაა" არავისთვის მიუცია ხმა, რადგან ასეთია პოლიტიკური ნეიტრალურობის სამეფო პროტოკოლები.
ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, ბრიტანული გამოცემების პირველი გვერდები სამეფო წყვილის ფოტოებით გაივსო, ბუკინგემის სასახლე კი მათ კომენტარებს გაემიჯნა და ბრიტანულ პრესას განუცხადა, რომ წყვილი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი აღარ იყო და "პირადი გადმოსახედიდან" საუბრობდა.
აქამდე დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-საც მოუწოდებია ხალხისთვის, ხმის მიცემის უფლება გამოეყენებინათ.