ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, - ამის შესახებ BBC ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია", - ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა.
რიოს კარნავალის ჩაშლამ არაერთი ადგილობრივის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს იმ ოჯახებზე იქონიებს გავლენას, რომლებიც ამ ღონისძიებიდან შემოსავალს იღებენ. ტურიზმი ბრაზილიის მშპ-ის დაახლოებით 8% -ს შეადგენს.
რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და მასში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. ესაა ყველაზე დიდი კარნავალი მთელ მსოფლიოში. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება.
2021 წლის კარნავალი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.