„პუტინიზაციისკენ“ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

„პუტინიზაციისკენ“ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

[გეგა ბერიძე]
პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტის დასამტკიცებელი ფორმალური პროცედურები დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, პროექტი მიახლოებულია ევროპულ მოდელთან, როდესაც გაზრდილია პარლამენტის უფლებები და შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებანი. ოპოზიციის შეფასებით კი, წარმოდგენილი პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში ტოვებს, როგორშიც ის ამჟამად იმყოფება.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრების განმარტებით ახალი კონსტიტუციის მიხედვით სადავეები კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს, „მაგრამ წინათ თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე იყო ეს მთლიანად კონცენტრირებული, ახლა უკვე ძლევამოსილი პრემიერ–მინისტრია“. ეს კი საქართველოში „პუტინიზაციის“ გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

პრეზიდენტისთვის წარდგენამდე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ სამმა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს. კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კომისიის ამოცანა იყო, გამოესწორებინა დისბალანსი, რომელიც საქართველოში დღეს პრეზიდენტის ხელისუფლების სასარგებლოდ არსებობს.

ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კომისიამ ნაჩქარევად მიიღო ასეთი სერიოზული პროექტის კენჭისყრის გადაწყვეტილება. ბაღათურია მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სექტემბრისთვის უნდა გადაეტანათ.

რაც შეეხება თამარ ხიდაშელს, მისი განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იზრდება არა პარლამენტის, არამედ მთავრობის როლი და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანო ბევრი საკითხის გადაჭრისას ხელფეხშეკრული რჩება. მისივე თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები ვენეციის კომისიასაც ჰქონდა.

„თუმცა მიმაჩნია, რომ ეს პროექტი დღეს მოქმედ კონსტიტუციას აშკარად სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, კომისიას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო“, – აღნიშნავს ხიდაშელი. ლევან რამიშვილმა კი საკუთარ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

კონსტიტუციის პროექტი მოიწონა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ეკა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ პროექტის ძალიან არის მიახლოებული საპარლამენტო მმართველობის მოდელთან, რადგან გაზრდილია პარლამენტის უფლებები და შემცირებულია პრეზიდენტის უფლებები.

საზოგადოებრივი საკონტიტუციო კომისიის იურისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი არ უწყობს ხელს პარლამენტის როლის გაძლიერებას, როგორც ამას მისი ავტორები აცხადებენ.

23 ივლისს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის დასამტკიცებლად საჭირო ფორმალური პროცედურები პარლამენტმა 21 ივლისს დაიწყო, საკანონმდებო ორგანოს ისეთივე „უუფლებოს“ მდგომარეობაში ტოვებს, როგორშიც ის ამჟამად იმყოფება.

თუმცა საზოგადოებრივი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიცაა აღნიშნული, რომ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც მთავრობის დაკომპლექტება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება, როდესაც მთავრობის ფორმირების წყაროს პარლამენტი წარმოადგენს. პროექტის თანახმად, ახალ მთავრობას ახლადარჩეულ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია აკომპლექტებს. კერძოდ, პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის იმ კანდიდატურას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია შესთავაზებს. პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

სხვა შემთხვევაში, „პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებამ ან ნდობის გამოუცხადებლობამ ადვილად შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტის დათხოვნა,“ – ნათქვამია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის წევრების განმარტებით ახალი კონსტიტუციის მიხედვით სადავეები კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს, „მაგრამ წინათ თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე იყო ეს მთლიანად კონცენტრირებული, ახლა უკვე ძლევამოსილი პრემიერ–მინისტრია“.

საზოგადოებრივი კომისიის წევრებისთვის მიუღებელია, ის რომ კონტიტუციის პროექტში არაფერია გათავლისწინებული „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმენლად“ და ასევე ის ფაქტი, რომ გუბერნატორის თანამდებობა კვლავ დანიშვნადია. პროექტის თანახმად, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ახლა ხდება.

კომისია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით კვლავ ბერკეტების გარეშე რჩება ოპოზიცია და საგამოძიებო და სხვა სახის დროებითი კომისიის შექმნა კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის ნებაზეა დამოკიდებული. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო ან დროებითი კომისიების შექმნის ინიცირება დეპუტატთა ერთ მეხუთედს შეეძლება, ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედისა.

კომისიის წევრები ასევე უარყოფითად აფასებენ კონსტიტუციიდან ორგანული კანონის კატეგორიის ამოღებას. ამ ტიპის კანონების დასამტკიცებლად ხმათა დიდი კვორუმია საჭირო. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ამ კატეგორიის კანონების გაუქმებით გამარტივდება „სასურველი კანონების მიღება მთავრობისთვის“.

მინდია უგრეხელიძე, საზოგადოებრივი კომისიის წევრი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, აცხადებს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, მხოლოდ „გარეგნულ შთაბეჭდილებას ტოვებს“ რომ თითქოს პარლამენტს უფლებები ეზრდება. კომისიის წევრები მოუწოდებენ პრეზიდენტს უკან გამოიწვიოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი.

„ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას ორი მოწვევის პარლამენტის ნდობა უნდა ჰქონდეს გამოცხადებული. როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, დღევანდელმა პარლამენტმა უნდა მიიღოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ხოლო მომავალმა პარლამენტმა ძალაში უნდა შეიყვანოს და აამოქმედოს ის. ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესში ახვლედიანმა ხაზი გაუსვა პლებისციტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე არ უნდა იყოს მიღებული.

საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ახალი კონსტიტუციის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი არათუ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, არამედ ეწინააღმდეგება ხალხის და დემოკრატიის ინტერესებს.

ბესელიას მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს ახალ კონსტიტუციაში პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება და პრეზიდენტის მცირდება – სიცრუეა, მისი თქმით ასევე სიცრუე მთავრობის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც.

მანვე, უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს ისევ ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება. ადამიანის უფლებათა დამცველის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის პროექტი დაჩქარებულ რეჟიმში არ უნდა იქნეს მიღებული.

„ეს უნდა მოხდეს სექტემბერში, როგორც თავიდან იყო ნათქვამი“, – აცხადებს ბესელია და დასძნენს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების უფლება მოქმედ პარლამენტს არ აქვს. „ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღოს არა ამ პარლამენტმა, არამედ პარლამენტმა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია“, – აცხადებს ბესელია.

„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტი სააკაშვილს ხელისუფლების გახანგრძლივების შესაძლებობას აძლევს“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის პროექტის „ერთპარტიული პარლამენტის“ მიერ მიღება სახიფათოა ტენდენციაა. იგი მიიჩნევს, რომ ახალი რედაქცია ორი მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესულ ფუნდამენტურ ცვლილებებს საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ ჰქონდეს აუცილებელია, ის ერთი პარტიის მიერ არ იყოს მიღებული და მის დამტკიცებაში თავისი წვლილი ოპოზიციასაც ჰქონდეს შეტანილი. ამისათვის კი, გამყრელიძის განცხადებით, ცვლილებები ორი მოწვევის პრალმანტმა უნდა დაამტკიცოს.

„ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ პროექტის მიღება ძალიან სახიფათოა, ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, არ დააჩქაროს ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი და პროექტი ორი მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს“, – აცხადებს გამყრელიძე. მისივე თქმით, ამ პროექტით ხდება რევოლუციური ცვლილება.

„გადავდივართ სახელმწიფო მოწყობის სრულიად ახალ მოდელაზე“, – აცხადებს გამყრელიძე, თუმცა, მისი განცხადებით, პროცესების დაჩქარება ბადებს ეჭვს, რომ სააკაშვილის მიზანია ხელისუფლების გაძლიერება და არა სახელისუფლებო ძალთა ბალანსი. კერძოდ, მისი განმარტებით, შესაძლოა პრეზიდენტის ინსტიტუტმა გადაინაცვლოს პრემიერ-მინისტრის აპარატში და „პრემიერი გახდეს ისეთი მონსტრი, როგორიც დღეს პრეზიდენტია“.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მელაშვილის აზრით კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებულ კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტ სააკაშვილის სასარგებლოდ ცვლილებები პროექტის პარლამენტში წარდგენის შემდეგაც შევა.

მელაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი პროექტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს პროფესიონალი, რადგან დოკუმენტი ისეა გადაკეთებული, როგორც სააკაშვილს სურს.

„იმედი არ გვქონდა და არც არავის უნდა ჰქონდეს, რომ კონსტიტუციის შეცვლილი ვარიანტით სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვებას მოვახერხებდით. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კონსტიტუცია იყოს ნორმალური, თუმცა ეს ასე არ არის. თვითმმართველობა ახალ კონსტიტუციაში დარჩა იგივე, იგივე დარჩა საარჩევნო კანონმდებლობაც, ანუ კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა გადაწყვიტა კარგად დაეჭირა ქვეყნის პირველი ხელისუფლის ინტერესი და ახალი კონსტიტუცია სწორედ მას მოარგო“, - აცხადებს მელაშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სწრაფი ტემპით მიიღო, მელაშვილის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პროცესები გახურდა, შესაძლოა, პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით მოიგებს.