მარია ზახაროვა: რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას

მარია ზახაროვა: რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი გმობს აშშ-ის მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას.

„ვგმობთ ამერიკული მხარის მოწოდებებს, გაზსადენის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში გერმანულმა და სხვა კომპანიებმა უკვე მრავალმილიარდიანი ინვესტიციები განახორციელეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ „ვაშინგტიონი არაკონკურენტული საშუალებებით დასავლეთ ევროპის გაზის ბაზრის დაკავებას ცდილობს“.

21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას.

„აშშ მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპას რისკს უქმნის, ვინაიდან იგი რუსულ გაზზე დამოკიდებული ხდება. ეს პროექტი ასევე საფრთხეს უქმნის უკრაინას. ვიმედოვნებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა არ დასრულდება. ჩვენ ვმუშაობთ კოალიციის შექმნაზე, რათა არ დავუშვათ მისი მშენებლობის დასრულება“, - დასძინა მაიკ პომპეომ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი - ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.