გიორგი ვაშაძე: ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის

გიორგი ვაშაძე: ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის დახარჯვა ისევე არაეფექტიანი იქნება, როგორც უკვე დახარჯული 400 მილიონი დოლარის შემთხვევაში აღმოჩნდა.

ვაშაძის განცხადებით, მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია, პოზიტიური მოლოდინი გააჩინოს ქვეყანაში და „დამსხვრეული ოცნებების მთავრობა“ უნდა წავიდეს, მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარს არაფერი ეშველება.

„უმძიმესი მდგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მილიონი დოლარის შემთხვევაშიც. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ, რათა მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა არის ხელისუფლების ცვლილება. დღეს ეკონომიკაში საშინელი ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისის დროს დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად არაფერი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა, არანაირი რეფორმა არ შესთავაზა. ამ ფონზე გამოდიან და ხალხს ატყუებენ, რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგად არის! ეს ნიშნავს, რომ ის კოლაფსი და კრიზისული მდგომარეობა მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება. სწორედ ეს განწყობა რომ შეიცვალოს რადიკალურად და ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა წინ წავა, მოსახლეობას დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს და გავაძლიერებთ ბიზნესს! ამისთვის კი აუცილებელია ამ  ხელისუფლების ცვლილება. გარდა ამ დიდი ცვლილებისა, ქვეყანაში ვერაფერი შეძლებს ნეგატიური მოლოდინების პოზიტიურით შეცვლას. მოვუწოდებ „ქართული “ოცნების ლიდერებს, მათ შორის, პრემიერ გახარიას, ძალიან გთხოვთ, ცოტა ილაპარაკეთ და ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს. ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ნუ გვაჯერებთ, რომ საჩხერის მოდელი თურმე საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც აჩენს იმ ნეგატიურ, კოლაფსურ სიტუაციას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ლარის კურსის ​შეცვლა​ ერთადერთი შეუძლია ძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Katana .რიტორიკა არ გივარგა, გიორგი! :)))
ლარს რომ დედა აღარა ჰყავს, აშკარაა და გეთანხმები... ოღონდ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს იმის ბრალია, გახარია რომ "პიჯაკში გამოწკეპილი" დადის! (კომბინეზონით რომ იაროს, ეშველება?).
და ერთი პატარა ნაკლი გაქვს კიდევ, როგორც პოლიტიკოსს: რაც გენატრება, ის გელანდება და სრულიად აცდენილი ხარ რეალობას: საიდან დაასკვენი, რომ პრემიერი უნდა გახდე?
დავუშვათ, "ოცნება" დამარცხდა!.. და რა მერე? რა, შენი პარტიით მოდიხარ უმრავლესობაში, თაკო ჩარკვიანი მოდის უმრავლესობით, თუ ნაცები და ევრონაცები არიან იმ ჭკუაზე, შენ დაგითმონ პრემიერის სავარძელი?
3 წლის უკან