კოლექტიურ, ანუ პოპულაციურ იმუნიტეტთან დაკავშირებით მეცნიერთა შორის აზრი იყოფა. ერთნი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში, რომლის წევრთა დიდ ნაწილს აქვს პოპულაციური იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა, რაც აჩერებს, ან ანელებს კორონავირუსის გავრცელებას.
თუმცა გერმანიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა კვლევამ პოპულაციური იმუნიტეტის შესახებ კონცეფცია, ფაქტობრივად, ჩამოშალა, რადგან მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოპულაციური იმუნიტეტი შესაძლოა, არასრული, გარდამავალი ან ხანმოკლე იყოს, ხოლო შემდეგ ეს იმუნიტეტი საერთოდ გაქრეს.
ამ წარუმატებელი კვლევის მიუხედავად, მაინც ხშირად გვესმის, რომ არც ვაქცინა იქნება მალე, არც წამალი, ამიტომ პოპულაციური იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშავოთ.
ცალკეული მეცნიერები უფრო შორს მიდიან და ასკვნიან, რომ პოპულაციური იმუნიტეტი კი არა, ატიპური პნევმონია „გვიხსნის“ კორონასგან.
მეცნიერული დასკვნის თანახმად, დადგენილია ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს. ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ატიპური პნევმონია გადაიტანეს, დიდი ალბათობით, კოვიდ-19-ით არ დაავადდებიან.
კვლევის თანახმად, SARS-Cov-ი, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც S-ცილებზეა მიმართული. ეს ცილები კი პასუხისმგებელია კორონავირუსის მიმაგრებაზე უჯრედების ზედაპირზე. ამდენად, ადამიანებს, რომლებმაც მწვავე რესპირატორული სინდრომი უკვე გადაიტანეს, კორონავირუსის შიში ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ.
სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ჯეოქეისის“ მკვლევარი ზვიად კირტავა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულია, რომ ვერ გაამართლა პოპულაციური იმუნიტეტის თეორიამ.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ მიდგომის ერთგული დარჩა, მხოლოდ შვედეთი იყო და, როგორც შემდგომში პოპულაციაში ანტისხეულების კვლევებმა აჩვენა, არ იყო ეს მაღალი მაჩვენებელი, სადღაც 14%-მდე იყო შვედეთში, ნიუ-იორკში იყო 21%-მდე, მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ იმისთვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი იქცეს, მინიმუმ 70%-ს უნდა ჰქონდეს ეს იმუნიტეტი. თანაც, არ ვიცით, ანტისხეულების არსებობა სისხლში ნამდვილად ნიშნავს თუ არა მყარ იმუნიტეტს. დაფიქსირებული იყო, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ანტისხეულები გაქრა. ასე რომ, შეიძლება ანტისხეულები ვლინდებოდა, მაგრამ რამდენად იცავს ეს ადამიანებს, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ერთ წელიწადში პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა ვერ მოხდება, არ მომხდარა და, ალბათ, მაინც ვაქცინის იმედად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ზვიად კირტავა.
მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს მეორე ტალღა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი პიკი, რაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ან შეიძლება იყოს მეორე ტალღის დასაწყისი, თუკი ეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ფაზაზე შეზღუდვები გამართლებული იყო, რადგან მაშინ სულ სხვა რეალობა იყო, მაღალი სიკვდილიანობის შემთხვევები ფიქსირდებოდა, რასაც ვერ გაუძლო ევროპის უმრავლესი ქვეყნების გაცილებით ძლიერმა ჯანდაცვის სისტემამაც კი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის შესახებ ჯერჯერობით სარწმუნო კვლევები არ არსებობს.
„თუ ჩვენ ვთვლით, რომ იმუნიტეტს ტოვებს ეს ვირუსი, როგორც წითელა, წითურა და სხვა, მაშინ მართლაც კარგია, ადამიანმა ერთხელ გადაიტანოს, რომ მეორედ არ დაემართოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, კორონავირუსის შემთხვევაში, ეს რამდენხნიანი იმუნიტეტი იქნება“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრისას.