ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაეწერა

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაეწერა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან გაეწერა. ამის შესახებ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

„პაციენტის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მან სტაციონარი დატოვა. ალექსეი ნავალნი „შარიტეში“ 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა, აქედან 24 დღე ის რეანიმაციაში იყო. პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმები თვლიან, რომ მისი სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია, თუმცა მძიმე მოწამლვის პოტენციური გრძელვადიანი შედეგების შეფასება ჯერ კიდევ ადრეა“, - აცხადებენ კლინიკაში.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს.