„ბიჭები ფულის დასაბრუნებლად მივიდნენ, დიდი ხანი ატყუებდნენ და აქეთ დაიჭირეს - ეს როგორი სამართალია?“

„ბიჭები ფულის დასაბრუნებლად მივიდნენ, დიდი ხანი ატყუებდნენ და აქეთ დაიჭირეს - ეს როგორი სამართალია?“

ხმაურიანი სპეცოპერაცია თბილისში და პანკისში - დაკავებულია ბიზნესმენ ვახტანგ ფარეულიძის ძმა, მძღოლი და მისი გარემოცვის 2 წევრი. 150 ათასი დოლარისთვის დაწყებული ბიზნესდავა 4 ადამიანის დაკავებით დასრულდა. რა მოხდა რელურად და რატომ აცხადებენ დაკავებულები, რომ თაღლითობის მსხვერპლნი თავად არიან?

ერთ-ერთი ვერსიით, საქმე უკავშირდება ტაჯიკეთის მოქალაქეებთან არშემდგარ გარიგებას. სწორედ შეთანხმების დარღვეული პირობების გამო გადაწყვიტეს ბიზნესმენ ფარეულიძის გარემოცვის წევრებმა ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. იყო დაძაბული საუბარიც, რის შემდეგაც ტაჯიკი ბიზნესმენების სახელით პოლიციაში განცხადება შევიდა. ტაჯიკი ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ისინი გაიტაცეს, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და იძულების ძალით თანხის გამოძალვა სცადეს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა და ბეისბოლის 3 ხელკეტი ამოიღო. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ.

დაკავებულების ახლობლები მომხდარის შესახებ for.ge-სთან საუბრობენ და გატაცების და ძალადობის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. დაკავებულის ერთ-ერთი ახლობელი, რომელსაც გამოცემასთან ვინაობის დასახელება საჯაროდ არ სურს, ყვება, რომ დაკავებულებმა ავტომობილების საყიდელი 150 ათასი დოლარი ბიზნესმენებს ჩაურიცხეს, რომლებსაც ავტომობილები რუსეთში უნდა გაეგზავნათ. თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და დაკავებულებს ატყუებდნენ, რომ მალე გაგზავნიდნენ. მათ კი ტაჯიკ ბიზნესმენებს მოტყუების გამო თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ვალის არგადახდის მიზნით კი მათ ქართველებს აქეთ უჩივლეს და მოიგონეს, რომ ისინი გაიტაცეს, ცემეს და ფულის გამოძალვა სცადეს.

„ბიჭები ავტომობილების მოსაკითხად მივიდნენ. უკვე დიდი ხანია ატყუებდნენ, რომ ავტომობილები ჩამოყვანილი იქნებოდა. ფული წინასწარ აიღეს და თაღლითები თავად არიან. ესენი ფულის დასაბრუნებლად მივიდნენ და აქეთ დაიჭირეს. ეს როგორი სამართალია? რა გატაცება, ან ცემა, რაღაცა კვალი მაინც ხომ უნდა ეტყობოდეთ? ისეთ ადამიანებს აქვთ ჩვენება მიცემული, ვისი სახელიც და გვარიც იმ საქმეში არ ფიგურირებს. თვითონ ტაჯიკეთის მოქალაქეების ჩვენებებია“, - განაცხადა ფარეულიძეების ახლობელმა for.ge-სთან საუბრისას.

For.ge-სთან თავად ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ მათ რამდენიმე თვის წინ ნათესავები დაუკავშირდნენ და ტაჯიკეთის მოქალაქეებისგან ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვეს. ფარეულიძის თქმით, მათ ნაცნობებისგან გაარკვიეს, რომ ტაჯიკი ბიზნესმენები წლებია საქართველოში მოღვაწეობენ და თაღლითობით არიან დაკავებულები. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ამ მიზეზით ტაჯიკ ბიზნესმენებს დაკავებულები მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის დაძაბული საუბარი იყო რადგანაც ისინი თანხის დაბრუნებას არ აპირებდნენ. თუმცა რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ფარეულიძე ამტკიცებს, რომ საჩივარი ბიზნესმენებმა დაახლოებით ერთი თვის წინ შეიტანეს და მოთხოვნის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ პოლიციაში თავად მისულიყვნენ.

„ჩემს ძმას, მძღოლს და დაცვის თანამშრომლებს ამ ტაჯიკ ბიზნესმენებთან შეხვედრა სულ ორჯერ ჰქონდათ. ეს პირები თაღლითები არიან. ფული აიღეს და მანქანები არ გააგზავნეს. ელოდებოდა ხალხი ავტომობილებს და ესენი ატყუებდნენ. ბიჭები მივიდნენ, რატომ არ გზავნით ავტომობილებსო, ამაზე ცოტა დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ რა გატაცება, რა ფულის წართმევა სრული აბსურდი და ბოდვაა.

ბიჭები აიყვანეს ისე, რომ არავის არაფერი უთქვამს. იქნება და ბარდებოდნენ ან თანამშრომლობდნენ. ერთი ზარი არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ მოდით და გამოცხადდითო, ვინ არ მივიდოდა? მე თვითონ მივიყვანდი და ვითანამშრომლებდით“, - განაცხადა ვახტანგ ფარეულიძემ.

ტაჯიკელი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ პროკურატურას საკმაოდ სუსტი არგუმენტი აქვს და საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ მოიპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ისინი გაიტაცეს და ფულის გამოძალვა სცადეს.

„მათი დაკავება მოხდა დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, თუმცა იმისათვის, რათა პირისათვის დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება. დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. პირიქით, დაზარალებულის ჩვენება არის არადამაჯერებელი, ალოგიკური, წინააღმდეგობრივი და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

შსს-ს განცხადებით კი დაკავებულია 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, „LEXUS GX“-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „CZ“-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.