პრემიერმა განაცხადა, რომ მკაცრი რეგულაციები აღარ იქნება და მთავრობა სულაც არ აპირებს და არ არის მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დააწესოს. რამდენად თავსებადი იქნება ერთმანეთთან კორონავირუსისა და ეკონომიკური „თავისუფლების“ თანაარსებობა, ამის შესახებ for.ge-ს ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ესაუბრა.
ვირუსის თავდაპირველი გავრცელების დროს ბევრს დავობდნენ, რა იქნებოდა უკეთესი, ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, თუ ამ შზღუდვებისგან თავის შეკავება, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანების გადარჩენა არჩია, ვიდრე ეკონომიკის არჩამოშლა. კორონას მეორე ეტაპზე რამდენად გამართლებული იქნება ეკონომიკურ შეზღუდვებზე უარის თქმა?
- სხვა ქვეყნებთან კორონავირუსის მასშტაბის შედარებას ვახდენ არა მარტო აბსოლუტური მონაცემებით, არამედ მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობის (მაგალითად, ასი ათასი კაცის) მიხედვით. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ უნდა შევადაროთ პირობითად საქართველო და თურქეთი, ან საქართველო და აშშ. საქართველოსთან შედარებით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, როცა საქართველოში 158 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთს ჰყავს 27-ჯერ მეტი, აზერბაიჯანს 7-ჯერ მეტი, თურქეთს 6-ჯერ მეტი, რუსეთს 13-ჯერ მეტი და აშშ-ს 36-ჯერ მეტი. პირველი სექტემბრის შემდგომ პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 565-ით, სომხეთში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, გაიზარდა დაახლოებით 2000 ათასით, ანუ თითქმის 4-ჯერ მეტით, აზერბაიჯანში ზრდამ შეადგინა 1500, ანუ 3-ჯერ მეტი, თურქეთზე არ ვლაპარაკობ, რადგან იქ სხვა მასშტაბებია. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ჩვენი უპირატესობა ოდნავ შესუსტდა ინფიცირებულთა რიცხვის მიხედვით. მაგალითად, სომხეთთან შედარებით, 1- ლი სექტემბრის მონაცემებით, 36-ჯერ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდა და ახლა 27-ჯერ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აზერბაიჯანთან შედარებით 9-ჯერ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, ახლა მხოლოდ 7-ჯერ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ე.ი. ჩვენ აბსოლუტური მონაცემებით გვიმძიმდება სიტუაცია, მაგრამ სხვებთან შედარებით კიდევ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. რაც შეეხება თანაფარდობას ორ ფაქტორს შორის - ეკონომიკასა და ჯანმრთელობის დაცვას შორის, ამ ორ ასპექტს შორის არსებობს საკმაოდ მაღალი კავშირი. თითოეული ადამიანის სიცოცხლე განუსაზღვრელია და მისი შეფასება ღირებულებაში წარმოუდგენელია, თუკი მას ემოციურად და არა ეკონომიკის კუთხით შევხედავთ. თუ მკაცრი გონებით მივუდგებით და პირობითად ავიღებთ, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია გარკვეული დოვლათის, ღირებულების, ეროვნული პროდუქტის შექმნის პოტენციალი და ამით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, სწორად მოვიქეცით, როცა დავზოგეთ ადამიანთა სიცოცხლე. თავდაპირველად ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მსხვერპლის სიდიდე უნდა ყოფილიყო საქართველოში სადღაც 1500-ის ფარგლებში, თუმცა ლეტალური შემთხვევები 19-ია. თუკი გადარჩენილი სიცოცხლეების ღირებულებას გადავიყვანთ კონკრეტულ ციფრებში, ვგულისხმობ რეინკარნაციას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენილი სიცოცხლეების ღირებულება დაახლოებით იმდენივეა ჯამურად, ეკონომიკის რა მასშტაბითაც მოხდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება - შეკუმშვა. ფაქტობრივად, ღირებულებაში კი ვიზარალეთ, შეგვიმცირდა მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ გადარჩენილი სიცოცხლეების ეკონომიკურ ღირებულებას თუ შევაფასებთ, შედეგი ნაკლები არ არის. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავარჩინეთ სიცოცხლე და ეკონომიკა დავაქციეთ, არასწორია. ფაქტობრივად, ბალანსი და წონასწორობა მთლიანობაში შენარჩუნებულია.
ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ჩაკეტვა ეკონომიკურ კოლაფსს არ გამოიწვევს?
- ჩვენ ისე არ გამოგვივიდეს, „ყვავმა ბუს ბახალა მიუგდო, შენ დიდი თავი გაქვს და შენ იფიქრეო“. ყველაფერს ხელისუფლებას ნუ ავკიდებთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა ვიგულისხმოთ. ის, რომ ბოლო ერთი თვეა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა არ დამდგარა, ჩვენი მედიკოსების დამსახურებაა, მაგრამ ის, რომ გაიზარდა ვირუსის რაოდენობა და დაინფიცირებულთა კონტინგენტმა მოიმატა, შეიქმნა ბევრი კლასტერი, ეს ჩვენი, რიგითი მოქალაქეების „დამსახურებაა“. არავის მისამართით არ მინდა, კონკრეტული საყვედური გამოვთქვა, მაგრამ რეპორტაჟები გავიდა ტელევიზიით, საპატარძლოები, სასიძოები როგორ განიცდიდნენ, რომ ქორწილები შეიზღუდა. ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიყავით პასუხისმგებლიანი? ვიცავდით სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს, სოციალურ დისტანციას, ვუთითებდით ჩვენს გვერდით მყოფ პირს, გამოეყენებინა ნიღაბი? სანამ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ გამოწვევის ფონზე არ იქნება ადეკვატური, მარტო მედიკოსები და ხელისუფალნი ვერაფერს გახდებიან. ტაშს ორი ხელით უკრავენ და არა ცალი ხელით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მარჯვენა.
ანუ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას არ იზიარებთ?
- თავისუფლება ეს არის შეცნობილი აუცილებლობა, აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, მაგრამ მთავარია, როგორ გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი ქცევები, რისკებისადმი დამოკიდებულება როგორი გვაქვს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ჩავითვლებით ცივილიზებული საზოგადოების წევრებად და ნაკლებ პრობლემას შევუქმნით საკუთარ თავსაც და ჩვენს გარშემო მყოფებსაც.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მეორე მსოფლიო ომის მასშტაბს გაუტოლდება. კორონავირუსის გადავლის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ?
- ამის შესახებ წიგნიც გამოვეცი - „კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე“. იქ მიწერია, რომ, ფაქტობრივად, ეს მესამე მსოფლიო ომია და დასაწყისში, პირველ ეტაპზე მარტო ჩინეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი დაახლოებით ისეთივე იყო, რაც მილიტარისტულმა იაპონიამ დახარჯა მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო მიზნებისათვის. მთლიანად ექსპერტები ვარაუდობენ, 8-დან 12%- მდე მშპ-ს ვარდნას კორონავირუსის პანდემიის გამო. თუ გავითვალისწინებთ გლობალური ეკონომიკის მასშტაბებს, ჩვენ მხოლოდ 2022 წლისთვის შევძლებთ 2019 წლის დონის დაწევას, ხოლო ცალკეულ დარგებს, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმი, საავიაციო გადაზიდვები და გადაყვანები, ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, რომ კრიზისამდელ დონეზე გავიდეს.
რის ხარჯზე უნდა ამოვქაჩოთ საქართველოს ეკონომიკა? ტურიზმზე გათვლა უკვე არარეალისტურია.
- მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ მცირე და საშუალო ბიზნესში, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის დეკონცენტრაციას და დედაქალაქიდან გატანას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოკრძალებით ამბობს, რომ თბილისში იქნება მშპ-ს ნახევარზე მეტი, მე ღიად ვამბობ, რომ ეს ციფრი გაცილებით მეტია, დაახლოებით 63-65%-ის ფარგლებში იქნება ქვეყნის მშპ დედაქალაქში. ბიზნესის ბრუნვის მიხედვით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ბიზნესმა ფეხი მოიკიდოს დედაქალაქიდან რაც შეიძლება მოშორებით. უნდა ვიზრუნოთ სოფლის მეურნეობასა და მთის რეგიონების პოტენციალის ათვისებაზე. საქართველოს ტერიტორიის 2/3 თითქმის მთას უკავია, მთას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, მთას აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ ეკოლოგიური, თავდაცვითი, კულტურული ფუნქციები. ნათქვამია, „სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია“. იმ მიწის, კლიმატისა და პირობების მქონე ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. მას გაცილებით მეტის მიღწევის შესაძლებლობა გააჩნია, მიუხედავად იმისა, არის კორონავირუსის პანდემია თუ არა.