Emerging Europe: ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი რეიტინგი მიენიჭა და დღეს ევროპის ახალი ლიდერია

Emerging Europe: ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი რეიტინგი მიენიჭა და დღეს ევროპის ახალი ლიდერია

Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი და იგი დღეს წარმოადგენს ევროპის ახალ ლიდერს. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ასევე წარმოადგენს რეგიონის ლიდერს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, არის მსოფლიოში მე-8 ადგილზე ეკონომიკური თავისუფლების კუთხით“,- Emerging Europe სტატიას სახელწოდებით „საქართველო - ევროპის ახალი ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორის თქმით, Fraser Institute-ის ანგარიშში შეფასებულია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი, რაც განიმარტება, როგორც მოქალაქეთა უნარი, თავად მიიღონ ეკონომიკური ტიპის გადაწყვეტილებები და ამ მიზნით, ორგანიზაცია აანალიზებს 162 ქვეყნისა და ტერიტორიის შესაბამის სტრატეგიებს და ინსტიტუტებს.

„ინდიკატორები კი მოიცავს რეგულაციებს, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებას, მთავრობის ზომას, კერძო საკუთრების უფლებას, სახელისუფლებო ხარჯებს და გადასახადებს. 2020 წლის ანგარიში ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, ანუ შედარებისთვის ხელმისაწვდომ უახლეს სტატისტიკას. ლიეტუვა (მე-11 ადგილი), ესტონეთი (მე-14), სომხეთი (მე-18) და ლატვია (მე-19) ასევე შედიან მსოფლიოს პირველ ოცეულში და უსწრებენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია და გერმანია. აღმავლობის გზაზე მყოფ ევროპულ და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, რომლებიც მოხვდნენ ხსენებულ ანგარიშში, უკრაინას (131-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (132-ე) აქვთ ყველაზე დაბალი შედეგები ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. გლობალურად კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მხრივ აქვს ვენესუელას. ეკონომიკური თავისუფლების მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების მოსახლეობა გამოირჩევა კეთილდღეობის უფრო მაღალი ხარისხით, მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებით და სიცოცხლის ხანგრძლივობით. მაგალითად, ეკონომიკური თავისუფლების სიის ზედა მეოთხედში მყოფ ქვეყნებში 2018 წელს დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის წილი სულ მოსახლეზე შეადგენდა საშუალოდ 44.198 აშშ დოლარი მაშინ, როცა ქვედა მეოთხედში დაფიქსირდა 5.754 აშშ დოლარი. შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელიც უფრო დაბალია ზედა მეოთხედში, სადაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის მხოლოდ 1,7% (1,90 აშშ დოლარი დღეში), ხოლო ქვედა მეოთხედში იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 31,5%-ს. დაბოლოს, ზედა მეოთხედში მყოფ ქვეყნებში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა 80,3 წელს, ხოლო ქვედა მეოთხედში - 65,6 წელს. „იქ, სადაც ადამიანები თავისუფალნი არიან შესაძლებლობების გამოყენების და არჩევანის გაკეთების მხრივ, შეიმჩნევა კეთილდღეობის, ბედნიერების და ჯანმრთელობის უფრო მაღალი ხარისხი“, - აცხადებს Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების კვლევის ხელმძღვანელი ფრედ მაკმენი“,- წერს Emerging Europe-ი.