„დახმარების სახით სახელმწიფოს 5 მილიარდი გამოეყო, მაგრამ, როცა პანდემიის დროს სჭირდებოდათ დახმარება სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ეს დახმარება არ მისცეს, ახლა კი წინასაარჩევნოდ 200-200 ლარს ურიგებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ილიაუნის ბიზნესსკოლის ლექტორი, განათლების ექსპერტი დავით ლაგვილავა.
სკოლებში სწავლის ორი კვირით გადადებას როგორ შეაფასებთ?
- ერთი კვირის წინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მხოლოდ ქობულეთსა და ბათუმში სწავლა დაიწყებოდა 1-ელ ოქტომბერს, ხოლო 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე საჯარო სკოლები ბათუმსა და ქობულეთში დაიწყებდნენ დისტანციურ სწავლებას. რაც შეეხება ახლანდელ განცხადებას, პრემიერმა განაცხადა, რომ ისევე, როგორც ქობულეთსა და ბათუმში, სწავლა გადაიდება რამდენიმე დიდ ქალაქში და ჩამოთვალა ეს დიდი ქალაქები. ჩემი აზრით, ეს ცოტა ორაზროვანი განმარტებაა და დამატებით ახსნას მოითხოვს განათლების სამინისტროდან. გარდა ამისა, არის რამოდენიმე კერძო სკოლა, სადაც სწავლა უკვე დაწყებულია, საინტერესოა, მათაც ეხება სწავლის გადადება 1-ელ ოქტომბრამდე? ამის განმარტებაც არ მომხდარა და, პრინციპში, რატომ უნდა გადაიდოს სწავლა კერძო სკოლებში, თუკი იქ უკვე დაწყებულია სწავლა და მიმდინარეობს სასწავლო პროცესი? შესაბამისად, იმ სკოლებში სწავლის დაწყების ნებართვა გაცემულია შესაბამისი კომისიების დასკვნის საფუძველზე, რომ იქ შესაძლებელია სწავლის დაწყება.
აქ პრობლემა ის არის, რომ სწორედ რისკების გათვლა ვერ მოხდა წინასწარ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ და ხელისუფლებამ იცოდნენ, შემოდგომაზე მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება დავმდგარიყავით. მათ შეეძლოთ, გაეთვალათ ეს რისკები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, რადგან პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემები ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ გაზაფხულზე.
როგორ ფიქრობთ, გაზაფხულზე რამდენად მომზადებული აღმოჩნდა განათლების სისტემა უცაბედად თავს დამტყდარი პანდემიის წინაშე?
- სამწუხაროდ, გაზაფხულზეც ვერ შეხვდა სამინისტრო ამ გამოწვევას ისე, როგორც საჭიროა. ვგულისხმობ იმას, რომ დისტანციური სწავლების დროს ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს არ ჰქონდა არც საჭირო მოწყობილობა, რომ ჩართულიყვნენ დისტანციურად, არც ინტერნეტი და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეს ადამიანები, როგორც მინიმუმ, ინტერნეტით. ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს თუნდაც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის გამოეყოთ ე.წ. ინტერნეტის სასწავლო ვაუჩერი, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, დისტანციურად ჩართულიყვნენ. აღარაფერს ვამბობ, რომ შესაძლოა, მათ ნაწილს კომპიუტერიც კი არ ჰქონოდა და ვერც გამოეყენებინა ინტერნეტი. ეს პრობლემა იდგა გაზაფხულზეც და, სამწუხაროდ, დღესაც განათლების სამინისტრო არ არის მზად, დისტანციურად დაიწყოს სწავლება საჯარო სკოლებში, ვინაიდან დღესაც არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მოსწავლეები და სტუდენტები, ბევრ მათგანს არ ექნება დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შესაძლებლობა არ აქვს, შეიძინოს ინტერნეტი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში. დღეს პოსტფაქტუმ ვიგებთ ახალ-ახალი რეგულაციების შესახებ. ერთი კვირის წინ კონკრეტული რეგულაცია გამოაცხადა ხელისუფლებამ, დღეს უკვე სხვა რეგულაციებია, დარწმუნებული არ ვარ, კიდევ ერთ კვირაში რა მოხდება და რა რეგულაცია დაწესდება.
ზოგადად, თქვენ თუ ემხრობით დისტანციურ სწავლებას?
- გამოუვალ მდგომარეობაში სასწავლო პროცესის გადადებას და არსწავლას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში სწავლება სჯობს. კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა და სტუდენტთა დაახლოებით 30-40%-ს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა გასულ სასწავლო წელს, გაზაფხულზე, ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. ახლა, როცა საუბარია იმაზე, რომ შერეულ ფორმატში დაიწყება სასწავლო პროცესი, ანუ დისტანციურად, ლაივრეჟიმში, ამისთვის ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინტერნეტი. მილიარდობით დახმარება მიიღო სახელმწიფომ პანდემიის გამო და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიზნობრივ ჯგუფებს დახმარებოდნენ. აღარაფერს ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში უნდა მოწესრიგებულიყო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. აქ სასწორზე დევს, დისტანციური სწავლება სჯობს, თუ სკოლის შენობებში სწავლება. თუკი ერთმანეთს შევადარებთ, რა თქმა უნდა, სკოლაში სჯობს სწავლა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ სკოლებში არ არის შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და შეიძლება ვირუსის გავრცელების რისკი უფრო მაღალი იყოს, დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეთ. მარტო ხსნარებისა და თერმოსკრინინგების დარიგება არ არის საკმარისი, ამისთვის სკოლებისთვის დამატებითი ბიუჯეტი უნდა გამოყოფილიყო, ასევე, დამლაგებლების შტატი უნდა გაზრდილიყო.
ტელესკოლის პროექტს როგორ შეაფასებთ?
- სულ არაფერს, რა თქმა უნდა, სჯობს ტელესკოლა, მაგრამ დისტანციური სწავლება გაცილებით უკეთესია. სწავლების დროს აუცილებელია ინტერაქცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და აქტიურად ჩართულობა. ფილმების ყურება და მხოლოდ სახელმძღვანელოების დარიგება არ არის საკმარისი, ასე ბიბლიოთეკაშიც ძალიან ბევრი სახელმძღვანელოა და „იუთუბზე“ ძალიან ბევრი ვიდეოვერსია არსებობს. მაშინ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები არ იქნებოდა საჭირო, დამოუკიდებლად რომ ყოფილიყო შესაძლებელი სასწავლო პროცესის წარმართვა. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ინტერაქცია, როგორც მინიმუმ, მეტ-ნაკლებად ხდება ვიდეო და ონლაინლექციების დროს. რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეების გამოცხადებას, აქ შედარებაც არ შეიძლება, უშუალო კონტაქტი და უშუალო ინტერაქცია გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა. უფრო მეტიც, როცა საუბარია იმაზე, რომ მერხებს შორის დისტანცია ერთი მეტრი უნდა იყოს, დაახლოებით 40-60 კვადრატული მეტრია საკლასო ოთახები. საჯარო სკოლებში ერთ ბავშვზე ოთხი კვადრატი მოდის, 10-დან 15 ბავშვზე მეტი ამ რეგულაციით საკლასო ოთახში ვერ დაჯდება. შესაბამისად, კლასები უნდა გაიყოს კონკრეტულ საგნებში - ფიზიკაში, ქართულში, მათემატიკაში გადანაწილდეს საათები. ამის შედეგად ერთ მასწავლებელს ერთი და იმავე საგნის ჩატარება რამოდენიმეჯერ მოუწევს. ამ ზეგეგმურ საათებს დაფინანსება ხომ სჭირდება? შეიძლება, ეს ერთმა მასწავლებელმა ვერ მოახერხოს და საჭირო გახდეს დამატებითი მასწავლებლების სკოლებში შეყვანა. ამაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ ახლა სტიქიურად, პოსტფაქტუმ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც მიუთითებს, რომ განათლების სამინისტრო არაკომპეტენტურად უდგება აღნიშნულ საკითხს. კონკრეტული რეგულაციები, რაც დააწესა განათლების სამინისტრომ, პრაქტიკულად, მკვდრადშობილი დოკუმენტია, ამით პასუხისმგებლობა მოიხსნა სამინისტრომ და პასუხისმგებლობა გადააბარა სკოლის დირექტორებს. როდესაც ბავშვებს აყენებ არათანაბარ მდგომარეობაში და სახელმწიფო ვერაფერს ვერ ახერხებს იმისთვის, რომ განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა იყოს, ეს მოქმედებს ინტერნეტის გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისა და სტუდენტების ფსიქიკაზე. სახელმწიფოს დახმარების სახით 5 მილიარდი გამოეყო, ახლა 200-200 ლარს ურიგებენ 17 წლამდე ბავშვებს, ისიც წინასაარჩევნო პერიოდში. როცა სჭირდებოდათ პანდემიის დროს დახმარება სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ეს დახმარება არ გამოუყვეს.