ჰონგ-კონგში ქურდები ფილატელისტის ფუ ჩუნსიაოს სახლში შეიჭრნენ და საფოსტო მარკებთან ერთად ხელოვნების ნიმუშებიც მოიპარეს. წაღებული ნივთები ოთხ მილიარდ ჰონკონგურ დოლარადაა შეფასებული. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
გამოცემის ცნობით, კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ფილატელისტის სახლში სამი კაცი შევიდა. პოლიცია ეჭვობს, რომ ისინი არ იყვნენ პროფესიონალი მძარცველები, თუმცა ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლის პატრონი ჩინეთში იყო და ჰონგ-კონგში კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ბრუნდებოდა.
კოლექციონერის ინფორმაციით, მძარცველებმა წაიღეს 5 ძვირადღირებული მარკა. მათ შორის იშვიათი საფოსტო მარკა, რომელიც 1968 წელსაა გამოშვებული. მარკაზე ჩინეთის რუკაა გამოსახული და დატანილია მაო ძე დუნის ციტატა „მთელი ქვეყანა წითელია“.