კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა კვლავ დაბლოკა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება. Deutsche Welle-ს ცნობით, ნიქოზიის წარმომადგენელმა სანქციების პროექტს ვეტო 18 სექტემბერს, ბრიუსელში, Coreper-ის სხდომაზე დაადო.

„კვიპროსის ასეთი ნაბიჯი იცავს ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციებისგან“, - განუხცადა სააგენტო dpa-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კვიპროსი ასეთ ნაბიჯს ხსნის თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სურვილით. ნიქოზიაში ითხოვენ, რომ სასანქციო სიაში მოხვდეს 7 თურქული კომპანია, რომლებიც შელფის სადავო მონაკვეთზე ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე მუშაობენ.

ამასთან ერთად, თურქეთთან დაკავშირებით კვიპროსის პოზიციას მხარი ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა დაუჭირა.

„ევროკავშირმა სანქციების დაწესებაზე უნდა იმსჯელოს, თუ თურქეთი გააგრძელებს კვიპროსის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა კლემან ბონმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შემუშავებულ სასანქციო სიაში 40-მდე ადამიანი შედის, რომლებსაც ბრალი მიუძღვით არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი მიტინგების დარბევაში. სანქციების ამოქმედება უკვე ორ კვირაზე მეტია ვერ ხერხდება, ვინაიდან ამისთვის ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. სანქციების პროექტს ვეტო კვიპროსმა 10 სექტემბერსაც დაადო.