დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„აქ საუბარია მისი სხეულის მიმართ რაიმე დაზიანებების განხორციელებაზე ან ინექციაზე, რომელიც, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, ვერსიის სახით განიხილებოდა. როგორც დღეს გაჟღერებული, ასევე, სხვა საექსპერტო დასკვნით, დგინდება, რომ მის მობილურ ტელეფონში პროგრამული უზრუნველყოფის რაიმე საშუალება, რომელიც იძლევა ლოკაციის განსაზღვრის საშუალებას, გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, გამოირიცხა ვერსია, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილი რაიმე კონკრეტულ ადგილს ეძებდა, რომლიც, შეიძლებოდა, მისთვის ელექტრონულად გამოეგზავნათ“ - განაცხადა პროკურორმა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.