კიმ კარდაშიან ვესტმა ფეისბუქი და ინსტაგრამი გააკრიტიკა და მათ "სიძულვილის გავრცელების" ხელშეწყობაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, იგი წყვეტს სოციალურ მედიაში არსებული საკუთარი ანგარიშების გამოყენებას.
კამპანიას #StopHateForProfit (შეწყვიტე სიძულვილი მოგებისთვის) მხარი დაუჭირეს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ორლანდო ბლუმმა, კეტი პერიმ, ჯენიფერ ლორენსმა, კერი ვაშინგტონმა, საშა ბარონ კოენმა და მარკ რუფალომ. მათ ფეისბუქს მეტის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავმა დასძინა, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია "სერიოზულ გავლენას ახდენს არჩევნებზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას". კარდაშიანმა სხვებსაც მოუწოდა, 24 საათით შეწყვიტონ საკუთარი ანგარიშების გამოყენება სიძულვილის აღსაკვეთად კომპანიების წარუმატებელი მცდელობის გამო.
"მომწონს, რომ ინსტაგრამით და ფეისბუქით პირდაპირ შემიძლია მოგმართოთ, მაგრამ მშვიდად ვერ ვიჯდები, როცა ეს პლატფორმები სიძულვილის, პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს — ამ ყველაფერს კი, ცხადია, ის ჯგუფები ქმნიან, ვისაც ამერიკის და ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა სურს. კომპანები კი ზომების მიღებას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ადამიანებს ხოცავენ", — აცხადებს კიმ კარდაშიანი.
კარდაშიან ვესტს ამ დროისთვის 188 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, მისი ფეისბუქგვერდი კი 29 მილიონ ადამიანს აქვს მოწონებული.
#TheStopHateForProfit კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მას ათეულობით ცნობილი კომპანია შეურთდა, რომელთაც ხალხს ფეისბუქისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს.
ივნისის თვეში ფეისბუქმა, რომელიც ინსტაგრამის მფლობელიცაა, განაცხადა, რომ პოტენციურად საზიანო კონტენტის გავრცელებას აღკვეთდა. მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის, თქმით, კომპანია ასევე აკრძალავდა ისეთ რეკლამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "კონკრეტული რასის, ეთნოსის, წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, კასტის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და ემიგრანტის სტატუსის მქონე ხალხი" საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის.