ალექსანდრე ლუკაშენკო: გეფიცებით, არჩევნები არ გაყალბებულა - შეუძლებელია ხმათა 80% გააყალბო

ალექსანდრე ლუკაშენკო: გეფიცებით, არჩევნები არ გაყალბებულა - შეუძლებელია ხმათა 80% გააყალბო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებას ადგილი არ ჰქონია.

„გეფიცებით, არჩევნები არ გაყალბებულა. შეუძლებელია ხმათა 80% გააყალბო“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქალთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსს ევროპარლამენტის მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება არ სჭირდება.

„არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად ჩავატარეთ და ვინმეს მხრიდან აღიარება არ გვჭირდება. არჩევნები შედგა. არჩევნები კანონიერია“, - დასძინა მან.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.