გაერო: ვენესუელის მთავრობა კაცობრიობის წინაშე სისტემატურ დანაშაულებს ჩასდის

გაერო: ვენესუელის მთავრობა კაცობრიობის წინაშე სისტემატურ დანაშაულებს ჩასდის

გაეროს გამომძიებელთა ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, ვენესუელის მთავრობა კაცობრიობის წინაშე დანაშაულებრივ ქმედებებს გეგმავს და ახორციელებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ქვეყანაში მკვლელობების, წამების, ძალადობისა და გაუჩინარების შემთხვევები გამოიძია და დაასკვნა, რომ ამ ქმედებებში დამნაშავეები ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მთვარობის სხვა მაღალჩინოსნები არიან.

გამომძიებლის ანგარიშის თანახმად, 2014 წლიდან ვენესუელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სისტემატურ ძალადობას ახორციელებდნენ, რომლის მიზანიც პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა და მოსახლეობის დაშინებაა. პრეზიდენტი და ძალოვანი მინისტრები კი მათ ბრძანებებს გასცემდნენ, რესურსებით უზრუნველყოფდნენ და ოპერაციების კოორდინირებით იყვნენ დაკავებულები.

„მისიამ დაადგინა, რომ ვენესუელის მთავრობამ და თავდაცვის ძალებმა 2014 წლიდან დაგეგმეს და განახორციელეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები - მათ შორის მკვლელობები და სისტემატური წამება, რაც კაცობრიობის წინაშე დანაშაულს წარმოადგენს“, - ნათქვამია მისიის ხელმძღვანელის, მარტა ვალინიასის განცხადებაში.

თავის მხრივ, გაეროში ვენესუელის ელჩმა ხორხე ვალერომ გაეროს მისიას „მტრული ინიციატივა“ უწოდა, ჯერ კიდევ შარშან მან განაცხადა, რომ გამოძიება აშშ-ის კამპანიის ნაწილია. გაეროს გამომძიებლებს ვენესუელაში ჩასვლის საშუალება არ მიეცათ.