სოფი ტერნერისა და ჯო ჯონასის ვარსკვლავური წყვილი საზოგადოებისთვის უკვე წლებია კარგად ცნობილია, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის მათი სიყვარულის ისტორია. ახალგაზრდა მშობლების პირადი ცხოვრება ხშირად ექცევა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში, თუ როგორ დაეხმარნენ ვარსკვლავები ერთმანეთს ინდივიდუალურობის პოვნაში და როგორ ჩამოყალიბდნენ იმაზე უკეთეს პიროვნებებად, ვიდრე ერთმანეთის გაცნობამდე იყვნენ.
სოფი და ჯო 2019 წლის მაისში მოულოდნელად დაქორწინდნენ. ხოლო მეორე, უკვე ოფიციალური ცერემონია წყვილს სამხრეთ-საფრანგეთში ჰქონდა. ოფიციალური საქორწინო ცერემონიის შემდეგ წყვილმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ:
„ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩვენს ცხოვრებაში. აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა, 24 საათში კი ყველაფერი შეიცვალა და ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჯანმრთელობის მხრივ რთული პერიოდი მქონდა, იმ მომენტში მენტალური პრობლემები მაწუხებდა. ჯომ მითხრა, შენთან ყოფნა არ შემიძლია, სანამ საკუთარი თავი არ გეყვარებაო. მაშინ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ყველაფერი შეცვალა, ვფიქრობ, ჯომ გარკვეულწილად სიცოცხლეს გადამარჩინა და საკუთარი თავი მაპოვნინა.“
Jonas Brother-ის ვარსკვლავისთვის მეუღლე ინსპირაციის წყაროა. ჯოს კარიერაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა Hesitate შემსრულებელმა სწორედ მეორე ნახევარს მიუძღვნა: „სიმღერა სოფიზეა, ის ჩემი საქორწინო ფიცივითაა, ჩემი დანაპირები, რომელიც სოფისთვის დავდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიმღერას ვასრულებ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ მას. ამ შესრულებას სხვა სამყაროში გადავყავარ... საკუთარი თავის პოვნით ცხოვრების პარტნიორიც აღმოვაჩინე. რადგან სწორედ სიყვარულმა მიბიძგა იმაზე უკეთესი ადამიანი და ძმა გავმხდარიყავი, ვიდრე რეალურად ვარ.“ - ჯო პირად ცხოვრებაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავს, რომ სოფისთან ურთიერთობამ ის უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბა და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მისცა.
ვარსკვლავური წყვილი პირადი ცხოვრების სიახლეებს იშვიათად ადასტურებს, თუმცა 2020 წლის თებერვალში სოფის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მაინც გავრცელდა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პერიოდი მიმდინარე კოვიდ-19-ის პანდემიას დაემთხვა, სუფთა ჰაერზე მოსიარულე წყვილი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ლოს ანჯელესში არსებულ ადგილობრივ პარკებსა და ქუჩებში ხშირად ჩნდებოდნენ. 27 ივლისს ვარსკვლავურ ოჯახს პირველი გოგონა შეეძინა, რომელსაც ვილა დაარქვეს. ახალბედა მშობლები ამჯერად თვითიზოლაციაში იმყოფებიან და საზოგადოებას მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ეკონტაქტებიან.