იტალიელი სერიული მკვლელი, 60 წლის ჯუზეპე მასტინი, რომელიც ციხიდან მესამედ გაიქცა, პოლიციამ ცხვრის ბაკში იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.
60 წლის ჯუზეპე მასტინი, რომელსაც 1989 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კუნძულ სარდინიაზე, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს. პოლიციის ინფორმაციით, მასტინიმ ბოროტად ისარგებლა ციხიდან ერთი დღით გათავისუფლების უფლებით და თავის საკანში არ დაბრუნდა.
პოლიციამ ის სასარის პროვინციაში, ერთ-ერთ ფერმაზე, ცხვრის ბაკში იპოვა. მასტინის თმა ქერად ჰქონდა შეღებილი, ის შეუიარაღებელი იყო და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მასტინიმ განაცხადა, რომ ციხიდან „სიყვარულის გამო გაიქცა“.
მასტინი სასჯელს 1970-1980-იან წლებში რომში რამდენიმე მკვლელობის, ადამიანთა გატაცებისა და ქურდობისთვის იხდიდა. პირველად ის სიციხდან 1987 წელს გაიქცა და ის პოლიციამ მხოლოდ 2-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ამ დროის განმავლობაში მასტინიმ მაღაზია დააყაჩაღა, ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე დაჭრა და მძევლად ახალგაზრდა ქალი აიყვანა. მეორედ ის ციხიდან 2017 წელს, კვლავ დროებითი გათავისუფლების დროს გაიქცა.