რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა რადიოსადგურმა „ბი-ბი-სიმ“ მომავალი წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
რადიოსადგურში მომუშავე ჟურნალისტების მტკიცებით, 2013 წელს ამერიკული ჯგუფი „Haim” ნამდვილ სენსაციას მოახდენს და მსოფლიო მუსიკალური რეიტინგების სათავეში დამკვიდრდება.
ჯგუფი „Haim” სამი დისგან შედგება. ესტე, დანიელა და ალანა ჰაიმებმა ჯგუფი გასული წლის იანვარში ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი „Forever” 2012 წლის თებერვალში გამოუშვეს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჯგუფმა კომპოზიცია „Don’t Save Me” ჩაწერა. ამ სიმღერამ ამერიკულ ჩართებში მაღალი ადგილები დაიკავა.
საინტერესოა, რომ „ბი-ბი-სის“ მუსიკალურმა რედაქციამ ანალოგიური პროგნოზი წინა წლებშიც გააკეთა.
მაგალითად, სამი წლის წინ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიტანელ მომღერალ ადელს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს.