საქართველომ აჩვენა შესანიშნავი წარმატება COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში საქართველომ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება მიიღო, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ბევრი გამოწვევის ფონზე, საქართველოს მეგობრების თანამშრომლობამ კარგი შედეგი აჩვენა.
„ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს. ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თავისუფალი და თანაბარი გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.