ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა გეოგრაფიის პედაგოგი მზია მოსიაშვილი საბოლოოდ სკოლიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პედაგოგს 2013 წლის 3 იანვარს განუცხადეს: ,,ქალბატონო მზია, თქვენთან ხელშეკრულება აღარ გაფორმდება” – განუცხადა მელანაშვილმა მზია მოსიაშვილს. დირექტორმა მზია მოსიაშვილი სკოლიდან, ჯერ კიდევ, 2009 წლის 24 დეკემბერს გაათავისუფლა. მოსიაშვილმა თავი მაშინ სასამართლოს გზით აღიდგინა.
გაფრთხილების ბრძანებაში დირექტორს უწერია, რომ მზია მოსიაშვილი არასაგაკვეთილო საათებს პოლიტიკურ განცხადებებს უთმობს: ,,თქვენი მხრიდან კვლავ გრძელდება პოლიტიკური გამოსვლები მოსწავლეებთან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია განათლების შესახებ კანონის მიხედვით” – წერია 6 დეკემბრით დათარიღებულ დირექტორის გაფრთხილებაში. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ აქვს აუდიომასალა, სადაც ჩანს, რომ დირექტორი მოსწავლეებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უხეშად აკრიტიკებს.