„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს, 24 წლის სოფი ტერნერს და მის მეუღლეს 30 წლის მომღერალ ჯო ჯონასს პირველი შვილი შეეძინათ. ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ისტორია ხშირად ექცევა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში, თუ როგორ დაეხმარნენ ვარსკვლავები ერთმანეთს ინდივიდუალურობის პოვნაში და როგორ ჩამოყალიბდნენ იმაზე უკეთეს პიროვნებებად, ვიდრე ერთმანეთის გაცნობამდე იყვნენ.
ინგლისელი მსახიობი სოფი ტერნერი საზოგადოებამ სანსა სტარკის როლით გაიცნო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, ხოლო ჯო ამერიკულ პოპროკ ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრია (ძმათა ტრიო, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად 2019 წელს დაუბრუნდა).
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ახალგაზრდა წყვილმა 21-ე საუკუნეში სასიყვარულო ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი სოციალური ქსელის საშუალებით გადადგა. სოფიმ და ჯომ ერთმანეთი პირველად 2016 წელს გაიცნეს, თუმცა ურთიერთობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ ტოვებდნენ: „ჩვენ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ერთმანეთისთვის გაცნობას. სოციალურ ქსელში გამოწერილი გვყავდა ერთმანეთი, თუმცა არ ვეკონტაქტებოდი. ერთხელაც ჯომ პირად შეტყობინებებში მოულოდნელად მომწერა და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი“, − იხსენებს სოფი.
წყვილი სოციალური მედიისა და ვირტუალური მიმოწერის მიღმა, ერთმანეთს პირველად დიდ ბრიტანეთში, Camden-ში არსებულ ლოკალურ ბარში შეხვდნენ. ინგლისელი ლამაზმანი მეუღლესთან პირველი შეხვედრის წინ მომხდარ სახალისო შემთხვევას იხსენებს: „ბარში მეგობრებთან ერთად მივედი, რადგან მეგონა, ისეთი სულელი აღმოჩნდებოდა, რომ დაცვასთან ერთად მოვიდოდა. ამიტომ მინდოდა, ჩემი რაგბისტი მეგობრებიც ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მოვლენები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. იმ საღამოს საათების განმავლობაში ვლაპარაკობდით, მასთან საუბარი იმდენად მარტივი იყო, რომ თითქოს განუყოფელნი გავხდით“. სოფიმ და ჯომ სასიყვარულო ურთიერთობა მალევე, რამდენიმე თვეში გაასაჯაროეს, თუმცა პირადი ცხოვრების კონკრეტული დეტალები ტაბლოიდებისა და უცხოური გამოცემებისთვის კვლავ მიუწვდომელი გახლდათ.
„ჩემი ბედნიერება უკავშირდება იმ ადამიანთან ყოფნას, რომელიც მიყვარს და ვისაც ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ. მან შთამაგონა, მეპოვნა საკუთარი თავი. ვფიქრობ, სამსახიობო საქმიანობის გარდა, სწორედ ის დამეხმარა აღმომეჩინა ამქვეყნად ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. ჯო ძალიან მხიარული და მზრუნველია, ჯოსთან ურთიერთობისას მის ასაკს ვერ ვხვდები, ის ყველაზე ენერგიული, მხიარული და პოზიტიური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მისგან განსხვავებით, მე პესიმისტი ვარ, ამიტომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ვაბალანსებთ“, − სოფი.
The Late Show With James Gordon-თან გადაცემაში სტუმრობისას ჯომ ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან სახალისო მომენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სოფი მასთან პაემანს მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ ის „ჰარი პოტერის“ ყველა სერიას უყურებდა: „მან მითხრა, თუ გსურს, რომ შეგხვდე, მოგიწევს უყურო „ჰარი პოტერის“ ფილმებს, იმიტომ, რომ ყოველ შობას მისი ნახვა ჩვეულებრივი ტრადიციაა“.
რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ნიშნობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში განაცხადეს, როდესაც სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტოები გაავრცელეს, წარწერებით „მე თანახმა ვარ“ და „ის დამთანხმდა“. ჯომ იმჟამინდელ მომავალ მეუღლეს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 000 ამერიკული დოლარია. სოფი და ჯო 21 და 28 წლის ასაკში დაინიშნენ. Glamour Uk-ისთან საუბრისას მსახიობმა პირად ურთიერთობაში არსებულ კერძო ასპექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს:
„ვფიქრობ, როდესაც იპოვი იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდი, მაშინ ყველაფერს მიხვდები. მე საკმარისი პერიოდი ვიცხოვრე იმისათვის, რომ გამეცნო და შემესწავლა ადამიანები, ჩემი სულიერი სამყარო გაზრდილია და ჩამოყალიბებული, ამიტომ საკუთარ თავს იმაზე დიდი ასაკის პიროვნებად მივიჩნევ, ვიდრე რეალურად ვარ“.
სოფი და ჯო 2019 წლის მაისში მოულოდნელად დაქორწინდნენ. ხოლო მეორე, უკვე ოფიციალური ცერემონია წყვილს სამხრეთ საფრანგეთში ჰქონდა, რომელსაც ცნობილი ადამიანებიდან მოდელი ეშლი გრაჰამი, დიჯეი Diplo და GOT-ის ვარსკვლავი, მსახიობი და ამავდროულად სოფის მეჯვარე – მეისი უილიამსი ესწრებოდნენ.
„არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ქორწინება ყველაზე დიდებული რამაა, რაც კი შესაძლოა შენს თავს მოხდეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა არის ის, რისთვისაც ვშრომობ და როდესაც წარმატებას ვაღწევ, მიჩნდება გრძნობა, რომ ეს არის ყველაზე დიდებული რამ, რასაც ამ ცხოვრებაში მივიღებ. მიხარია, რომ ჯო ჩემ გვერდითაა, არა იმიტომ, რომ ქორწინებით რამეს მივაღწიე, არამედ იმიტომ, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც მიყვარს და ვიპოვე სახლი, სადაც ბედნიერი ვარ. ეს არის შეგრძნება, რომელსაც სწორად შერჩეულ პიროვნებასთან ერთად გრძნობ“.
ოფიციალური საქორწინო ცერემონიის შემდეგ წყვილმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ: „ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩვენს ცხოვრებაში. აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა, 24 საათში კი ყველაფერი შეიცვალა და ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჯანმრთელობის მხრივ რთული პერიოდი მქონდა, იმ მომენტში მენტალური პრობლემები მაწუხებდა. ჯომ მითხრა, შენთან ყოფნა არ შემიძლია, სანამ საკუთარი თავი არ გეყვარებაო. მაშინ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ყველაფერი შეცვალა. ვფიქრობ, ჯომ გარკვეულწილად სიცოცხლეს გადამარჩინა და საკუთარი თავი მაპოვნინა“.
Jonas Brothers-ის ვარსკვლავისთვის მეუღლე ინსპირაციის წყაროა. ჯოს კარიერაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა Hesitate შემსრულებელმა სწორედ მეორე ნახევარს მიუძღვნა: „სიმღერა სოფიზეა, ის ჩემი საქორწინო ფიცივითაა, ჩემი დანაპირები, რომელიც სოფისთვის დავდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიმღერას ვასრულებ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ მას. ამ შესრულებას სხვა სამყაროში გადავყავარ... საკუთარი თავის პოვნით ცხოვრების პარტნიორიც აღმოვაჩინე, რადგან სწორედ სიყვარულმა მიბიძგა იმაზე უკეთესი ადამიანი და ძმა გავმხდარიყავი, ვიდრე რეალურად ვარ“, − ჯო პირად ცხოვრებაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავს, რომ სოფისთან ურთიერთობამ ის უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბა და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მისცა.
მიუხედავად, იმისა, რომ წყვილი ოფიციალურად სიახლეებს არასდროს ადასტურებდა, 2020 წლის თებერვალში სოფის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მაინც გავრცელდა. ვინაიდან არსებული პერიოდი მიმდინარე „კოვიდ-19“-ის პანდემიას დაემთხვა, სუფთა ჰაერზე მოსიარულე წყვილი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ლოს ანჯელესში არსებულ ადგილობრივ პარკებსა და ქუჩებში ხშირად ჩნდებოდა. 27 ივლისს ვარსკვლავურ ოჯახს პირველი გოგონა შეეძინა, რომელსაც ვილა დაარქვეს. ახალბედა მშობლები ამჯერად თვითიზოლაციაში იმყოფებიან და საზოგადოებას მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ეკონტაქტებიან.