„ერთი პარტია მეორეს რომ დედას უხსენებს, უარესი რაღა უნდა იყოს" - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კანდიდატურის შესაძლო დაყენება და ამ საკითხზე მისი შესაძლო კონკურენტის გიგი უგულავას კომენტარი.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ზუგდიდში პარტიის სხვა შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გიული ალასანიაც მოიაზრება, რაზედაც ამავე ოლქში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „პოლიტიკა საოჯახო ბიზნესი არაა". მისივე შეფასებით, გიული ალასანია სიმბოლური კანდიდატი იქნება, თავად კი რეალურ პრობლემებთან ბრძოლას აპირებს.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში გიული ალასანიას კანდიდატურას დაასახელებს, ეს გიგი უგულავასთვის დისკომფორტის მომტანი იქნება.
„რბილად რომ ვთქვათ, დამოკიდებულება კრიტიკული იყო. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი უგულავასთვის დისკომფორტის მომტანი იქნება, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური იყო, წარმატება ვერ მოიპოვა, უფრო პასიურ ფიგურას მარტო იმიტომ, რომ ის სააკაშვილის დედაა, მეეჭვება წარმატების სერიოზული შანსი ჰქონდეს, მათ შორის უგულავასთან მიმართებაშიც. თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ წარმატებას ვერც უგულავა მოიპოვებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აისახოს ეს ორი პარტიის ურთიერთობაზე, საყვარელიძემ გვიპასუხა: „ერთი პარტია მეორეს რომ დედას უხსენებს, უარესი რაღა უნდა იყოს... ეს სიმწვავე შესაძლოა არჩევნებადე იყოს, არჩევნების შემდეგ კი, შესაძლოა, სურათი აბსოლუტურად შეიცვალოს."