რაც მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ახლა გვაქვს გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი და ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანების იზოლაცია ხდება, რის შედეგადაც გავრცელების მაქსიმალურ პრევენციას ვახდენთ. რაც მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება. ამ რიცხვმა, 158-მა არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ. პირიქით, თვითრეგულაცია უნდა გავამკაცროთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენის წესები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.