მარინა ეზუგბაია: ბათუმსა და ცაგერში დაავადება თითქმის ლოკალიზებულია

მარინა ეზუგბაია: ბათუმსა და ცაგერში დაავადება თითქმის ლოკალიზებულია

ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა, რის გამოც ბათუმში თითქმის დაავადების ლოკალიზაციისკენ მივდივართ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„158 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 87 გახლავთ აჭარიდან, 28 - სამეგრელო, 19 - იმერეთი, 6 - გურია, 18 კი თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განახორციელეს, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის და, შესაბამისად, დროული რეაგირების შედეგად სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორიც აქამდე იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.