პარიზის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუზეუმმა, დ'ორსეის მუზეუმმა ბოდიში მოუხადა ტურისტს, რომელსაც მუზეუმის დაცვა ღრმა დეკოლტეს გამო შენობაში არ უშვებდა. ამის შესახებ BBC წერს.
დ'ორსეის მუზეუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ გოგონამ Twitter-ზე დაწერა და მუზემში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე რესტორანში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა.
მისი თქმით, მუზეუმის დაცვის თანამშრომლებმა ის შენობაში მხოლოდ მაშინ შეუშვეს, რაც მან ქურთუკი ჩაიცვა, თუმცა მაინც ვერ განუმარტეს, კონკრეტულად რომელ წესს არღვევდა მისი ჩაცმულობა.
„არავის უთქვამს, რომ პრობლემას დეკოლტე წარმოადგენდა, უბრალოდ მკერდზე მიყურებდნენ და ამბობდნენ, რომ „ეს“ იყო პრობლემა“, - ამბობს ჯინი.
მას შემდეგ რაც ჯინის პოსტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მას მუზეუმის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
„ვწუხვართ მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს, რომელსაც უკვე პირადადაც დავუკავშირდით“, - განაცხადეს მუზეუმში.