შარლ მიშელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიღების პროცესი დააჩქარონ

შარლ მიშელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიღების პროცესი დააჩქარონ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიღების პროცესი დააჩქარონ.

„ბელარუსში პოლიტიკური დევნა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებებსა და ოპონენტების იძულებით გაძევებას მოიცავს, უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ დაჩქარდეს სანქციების მიღების პროცესი. ბელარუსის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს და მოქალაქეებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელების საშუალება მისცეს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სასანქციო სია შეადგინა, რომელშიც 31 ოფიციალური პირი შედის, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ეტაპზე სასანქციო სიაში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო შეყვანილი არ არის.

19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელია.