თენგიზ ცერცვაძე: ამ მოცულობის მატება ჩაკეტვას არ მოითხოვს

თენგიზ ცერცვაძე: ამ მოცულობის მატება ჩაკეტვას არ მოითხოვს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს უკვე ვირუსის მართვის გამოცდილება აძლევს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თავდაპირველად, როდესაც პანდემია იწყებოდა, რისკი მეტი იყო და საფრთხეც არსებობდა, რომ ჩაკეტვის გარეშე ვირუსი მასიურად გავრცელდებოდა.

„ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის საქართველომ, თუ რა შემთხვევებში რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. ამ გამოცდილების საფუძველზე ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც თვლის, რომ ამ მოცულობის მატება, ისიც ზოგიერთ ლოკაციაზე, ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და საგანგებო ზომებს თუ ჩაკეტვას არ მოითხოვს.

ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით მომზადებულია და დღეში ორი თუ სამი ათეული შემთხვევა, დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, გარდაცვალების მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს ციფრები ათეულებს და ასეულებს აღწევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.