ცნობილი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე ნებისმიერ როლს დიდი პროფესიონალიზმით უდგებოდა და საკუთარი სიცოცხლე ხშირად საფრთხის ქვეშ ჩაუგდია.
კინორეჟისორ სიკო დოლიძეს ერთი ისტორიის მოყოლა განსაკუთრებით უყვარდა. მაშინ ბატონი სიკო სურათს „პალიასტომი“ იღებდა.
“ზღვასთან, მდინარე კაპარჭინის შესართავთან, წყაროზე ორ მაღალ ფოლადის ბოძზე ფიცარნაგი ავაგეთ. მასზე ავიტანეთ ოთხი დიდი ქვაბი. თითოეული ტონა წყალს იტევდა. ტივის წინ დავაყენეთ თვითმფრინავი, რომელსაც პროპელერით ძლიერი ქარის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა. თივის ბოლოსთან მივაცურეთ ბარჟა, მასზე მდგომი ამწეთი, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო ათასლიტრიანი წყლით სავსე კასრი. იგი საჭირო მომენტში, ტივის ბოლოს, წყალზე დაეცემოდა და დიდი სიძლიერის ტალღას გამოიწვევდა. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ.
სერგომ, რომელმაც ნიუანსთა გაუთავებელი ძიება იცოდა, რატომღაც არ მოიწონა გადაღებული მასალა და მოითხოვა კიდევ ერთხელ გადაღება.
და აი, ივანე ეძახის შვილს: “ნიკოია, ბაბა, ნიკოია”. ოთხივე ქვაბიდან წყალი ზათქით გადმოდიოდა. ტივზე სერგომ თავი ვერ შეიმაგრა, ქარმა სძლია და ნაცვლად იმისა, რომ ტივის თავიდან ზღვაში გადამხტარიყო, ფეხი დაუცურდა და ტივის ბოლოს გადავარდა. იმავე მომენტში, იმავე ადგილას, სადაც სერგო გაუჩინარდა, ათასლიტრიანი სავსე კასრი მთელი ძალით დაეხეთქა. ყველანი, ვინც გადაღებაზე ვიყავით, ადგილზე გაქვავებულნი, შეშინებულები დავცქეროდით წყლის ზედაპირს, საიდანაც მალე სერგოც გამოჩნდა. გაჭირვებით ამოძვრა ტივზე და დამნაშავის სახით თქვა: “მგონია, დუბლი გავაფუჭე.”