საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს

საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს

საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.