გიგი უგულავა: კოალიციური მმართველობა არის სწორი გამოსავალი, უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა და ეს დაგვაზღვევს იმ შეცდომებისგან, რასაც ხალხი მეორედ არ გვაპატიებს

გიგი უგულავა: კოალიციური მმართველობა არის სწორი გამოსავალი, უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა და ეს დაგვაზღვევს იმ შეცდომებისგან, რასაც ხალხი მეორედ არ გვაპატიებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მას საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკაში ჩართვის საშუალება უნდა მიეცეს. ამის შესახებ უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით კატა-თაგვობანას თამაშით ხალხი დაიღალა და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლით უნდა დასრულდეს.

„სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. მას უნდა მიეცეს სამშობლოში დაბრუნებისა და პოლიტიკის კეთების საშუალება. რაც შეეხება დანარჩენს, აირჩევს მას ხალხი თუ არ აირჩევს, როგორ აირჩევს, რა პოზიციით აირჩევს და სხვა, ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. რეალისტურად რომ ვთქვათ, ხალხი დაიღალა ამ კატა-თაგვობანას თამაშით და თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, მაშინ უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ ბატონობა ხელისუფლებაში, ის უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ეს მიშას გასაგონადაც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მასაც ერთპიროვნულად წარმოუდგენია მართვა. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა და საკუთარ თავს ვეუბნები პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პრობლემა მეც მქონია. ფაქტია, რომ ზედმეტი ხელისუფლება აფუჭებს, ამიტომ კოალიციური მმართველობა არის სწორი გამოსავალი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა და ეს პარტნიორობა დაგვაზღვევს ჩვენ იმ შეცდომებისგან, რასაც ხალხი მეორედ არ გვაპატიებს“, - განაცხადა უგულავამ.

Aburjga Tasmanieli ამ უგულავას კოალიციური და კოლაბორაციონული ეს სიტყვები ერევა ერთმანეთში! კოლაბორაციონისტები ხართ თქვენ ევროპული საქართველო, ნაცმოძრაობა და 10-20 კაციანი სორიოსისტების ჯგუფი ქართული ოცნებიდან! ყველამ უნდა იცოდე, ვინც კოლაბორაციონისტებთან შევა საერთო მმართველობაში ისიც კოლაბირაციონსტი იქნება!
4 წლის უკან