„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ვხვდები რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ეს ოჯახი, შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე“, - ამის შესახებ მედიასთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება სხვა ქვეყნებში FBI-ს მონაწილეობას პროცესებში, ეს ხდება მაშინ, როდესაც საკითხში ამერიკის მოქალაქე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი.
დღეს, გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ FBI-ს წარმომადგენლისგან მივიღეს განმარტება, რომ ფედერალური ბიურო მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და აშშ-თან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.