დადონ ის „ფლეშკები“, რაშიც არის ყველაფრის პასუხი, ის ორი „ფლეშკა“ - ერთი, რომელიც გადაღებაზე ეკეთა თამუნას და არ უკეთია, და მეორე, რომელიც კომპიუტერზეა, და მანდ იქნება ყველაფერზე პასუხი, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არანაირ თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირი თვითმკვლელობა - აქამდე თვითმკვლელობას იძიებდნენ თვე-ნახევარი?! დამიდონ სატელიტების ჩანაწერები - იდგა თუ არა ის მანქანა იქ, რა წერილი მისწერეს FBI-ის, საიდან იქნება ჩამოყალიბებული რა უწერიათ. იქნებ სულაც მიაწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI?! და მერე იმათი პასუხიც გვაჩვენონ. დადონ ის „ფლეშკები“, რაშიც არის ყველაფრის პასუხი, ის ორი „ფლეშკა“ - ერთი, რომელიც გადაღებაზე ეკეთა თამუნას და არ უკეთია, და მეორე, რომელიც კომპიუტერზე და მანდ იქნება ყველაფერზე პასუხი. რაც შეეხება აქეთ-იქით სიარულს აფთიაქებში, ერთი მედიკამენტიც რომ მიეღო ჩემს შვილს, ისიც მოკლავდა. რაში სჭირდებოდა ასე პროფესიონალურად დაგეგმილი მედიკამენტების შერწყმა, რომელიც აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას. თავის მოკვლა თუ უნდოდა, თავის სახლში, მშვიდ გარემოში, არავინ არ იყო სახლში, მშვიდ გარემოში ვერ მოიკლავდა? რატომ წავიდოდა ამ სიშორეზე 40 გრადუს სიცხეში, მზეზე, თავს მოიკლავდა მანქანაში თან გამორთული კონდიციონერით და იქ იდგებოდა 4 დღის განმავლობაში? არანაირი თვითმკვლელობა, არ ვენდობი გამოძიებას. ბაჭულაშვილთან დაკავშირებით არის ის „ფლეშკები“ საინტერესო. როდესაც კომპიუტერი წაღებული იყო, ბაჭულაშვილს არ ჰქონდა გახსნილი კომპიუტერი, შესაბამისად, ვერ გაიგებდა რა ხდებოდა კომპიუტერში. სავარაუდოდ, ჩართო ის „ფლეშკა“ და იმის საფუძველზე დაგვირეკა და გვითხრა, რომ თქვენი შვილი მაგარ შარშიაო. თამარი გასახდომ ჩაისაც სვამდა. მეც ვსვამდი და ისიც. ბავშვი თვითმკვლელობას აპირებდა და თან გასახდომ ჩაის სვამდა - გამხდარი უფრო ადვილად მოვკვდებიო თუ რა?! ის მედიკამენტებიც იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით ყიდულობდა?!“ - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
დღეს, გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ FBI-ს წარმომადგენლისგან მივიღეს განმარტება, რომ ფედერალური ბიურო მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და აშშ-თან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.