"საქართველოში რეგულაციების გარეშე არსებული სუროგაციის პრაქტიკა,  შეუძლებელს ხდიდა სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისა და სუროგატი დედის უფლებების დაცვას და იგი ტრეფიკინგის ღია წყარო იყო"

საქართველოში რეგულაციების გარეშე არსებული სუროგაციის პრაქტიკა, მართალია თავიდანვე გამორიცხავდა მარტოხელა მშობლის მიერ სუროგაციის პროცესს, მაგრამ მაინც

შეუძლებელს ხდიდა სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისა და სუროგატი დედის უფლებების დაცვას და იგი ტრეფიკინგის ღია წყარო იყო”,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იურისტი იუსტიციის მინისტრის ბრძანებას ეხმიანება და ამბობს, რომ ბრძანებაში შესული ცვლილებებით  წყვილებისთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია მტკიცე პირობით- ბავშვის და სუროგატი დედის უფლებები იყოს დაცული.

მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან ოპონენტებისა თუ საკითხზე ზედაპირულად მოსაუბრე პირების განცხადებები აბსურდული და არარელევანტურია.

,,სუროგაციის სერვისის მსურველმა წყვილმა (ქალი და კაცი) უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომ ისინი ერთად იმყოფებიან არანაკლებ ერთი წლის მანძილზე.

აღნიშნული ცვლილება ამ პროცესიდან გამორიცხავს იმ ადამიანებს, რომელთა მიზანიც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობაა; ცდილობს შექმნას იმის წინაპირობა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

რეგულაცია არ ეხება კლასიკურ ხელოვნურ ინ ვიტრო განაყოფიერებას,  შესაბამისად საკითხი უცვლელია. მარტოხელა დედებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ მიმართონ კლასიკური ხელოვნური განაყოფიერების გზას. ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხზე სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან ოპონენტებისა თუ საკითხზე ზედაპირულად მოსაუბრე პირების განცხადებები აბსურდული და არარელევანტურია“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.