ჯიმ მორისონი სასამართლომ სიკვდილის შემდეგ შეიწყალა

ჯიმ მორისონი სასამართლომ სიკვდილის შემდეგ შეიწყალა

მსოფლიო როკ–მუსიკის ლეგენდის, ჯგუფ “დორსის“ დამაარსებლისა და ვოკალის  – ჯიმ მორისონის დაბადების დღესთან დაკავშირებით, (8 დეკემბერს ჯიმი 67 წლისა გახდებოდა) ფლორიდის სასამართლომ, მორისონის ფანებს ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა და ცნობილი მომღერალი სიკვდილის შემდეგ შეიწყალა.

 

მორისონი ამავე სასამართლომ დამნაშავედ შორეულ 1970 წელს სცნო. მომღერალი 1969 წლის მარტში, ფლორიდაში გამართული კონცერტის დროს უხამს და საზოგადოებისათვის მავნე ქმედებებში დაადანაშაულეს. “დორსის“ მიერ გამართული შუა კონცერტის დროს,  ჯიმ მორისონმა არც აცია, არც აცხელა, შარვალი ჩაიხადა და საკუთარი სარცხვენელის ხილვის “ბედნიერებით“ დასააჩუქრა კონცერტზე შეკრებილი საზოგადოება. ამას გარდა, მთელი კონცერტის მიმდინარეობის მანძილზე, მორისონმა არაერთი უცენზურო სიტყვა იხმარა და ნამეტანი შეაშფოთა, ფლორიდის ე.წ. კულტურული ელიტა. ჯიმის ქმედებით აღშფოთებულმა პურიტანებმა სასამართლოში მსწრაფლივ აფრინეს სარჩელი “უხამსი და უზრდელი მორისონის“ დასჯის თხოვნით.

 

როგორც უკვე ვთქვით, 1970 წელს გამართულმა სასამართლომ მორისონი დაადანაშაულა საზოგადოებისათვის მავნე ქცევის ბრალდებით და მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა დანაშაულის აღიარება არ ითაკილა, მას 6 თვიანი პატიმრობა მაინც შეუფარდა. სასჯელის სისრულეში მოყვანას ხელი, ერთმა “უბრალო“ შემთხვევამ შეუშალა. 1971 წლის 3 ივლისს, მომღერალი უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

 

აქამდე ბევრს ალბათ არც კი ახსოვდა, რომ მორისონს ცოტა ხანი კიდევ რომ ეცოცხლა, დარჩენილი წლებიდან 6 თვეს აუცილებლად ციხეში გაატარებდა. ანუ, მეტად კურიოზული სიტუაცია იყო შექმნილი. მორისონი გარდაცვლილი იყო და ამის მიუხედავად, მას ბრალი მაინც ჰქონდა წაყენებული.

 

ფლორიდის სასამართლო მიხვდა იმ უხერხულობას, რაც მათ მორისონის გამო ექმნებოდათ. ამიტომ, სასამართლოს კოლეგიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯიმ მორისონისათვის წაყენებული ბრალდებები სიკვდილის შემდეგ მოეხსნათ. ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ აქვს და ვერც ექნება რაიმე პრაქტიკული შედეგი, მაგრამ, “დორსისა“ და ჯიმ მორისონის მილიონობით ფანებისათვის, ერთგვარი დადებითი ჟესტი ნამდვილად გახლავთ.