ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ფრანგი კინომსახიობი ჟერარ დეპარდიე საცხოვრებლად რუსეთში გადასვლას გეგმავს. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მსახიობს საფრანგეთის ხაზინაში დიდძალი გადასახადების შეტანა აღარ სურს.
ბოლო ინფორმაციით, დეპარდიე იტალიის ქალაქ მილანში იმყოფება და მომავალი სამშობლოს ადგილსამყოფელს გულდასმით არჩევს. ის მილანში ან რუსეთის რომელიმე ქალაქში სამუდამოდ დასახლებას აპირებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპარდიეს გზას ახლო წარსულში ცნობილი ლამაზმანი, გამოჩენილი კინომსახიობი ბრიჯიტ ბარდოც გაუყვება. ქალბატონი „ბაბეტა“ საკუთარი ქვეყნის საგადასახადო სამსახურს პროტესტს არ უცხადებს, პირიქით თავის მოქალაქეობრივ ვალს ყოველთვის პირნათლად ასრულებს.
ცნობილია რომ ბრიჯიტ ბარდო ცხოველების უფლებების მხურვალე დამცველია. ყოფილი მსახიობის მტკიცებით, საფრანგეთში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან. ბრიჯიტ ბარდოს მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, როდესაც ქალაქ ლიონის ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ორი დაავადებული სპილოს იძულებითი წესით დაძინების გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობის მტკიცებით, სპილოები მკურნალობას ექვემდებარებოდნენ, მაგრამ ზოოპარკმა დამატებითი თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა.
„საფრანგეთში ცხოვრება აღარ მსურს. ამ ქვეყანაში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან. გაგიკვირდებათ და რუსეთში გადაბარგებას ვაპირებ. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადაიმერ პუტინი ჩემი ახლობელია. ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ და ჩემი თხოვნის შემდეგ პრეზიდენტმა რუსეთში, ცხოველების გარკვეულ სახეობებზე ნადირობა სასტიკად აკრძალა.
6 იანვარს რუსეთში მივფრინავ. უახლოეს დღეებში ამ ქვეყნის მოქალაქეობას ოფიციალურად გავიფორმებ და საფრანგეთს სამუდამოდ დავემშვიდობები.“ - განაცხადა ბრიჯიტ ბარდომ.