„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საზოგადოებას ღიად ეუბნება, რომ იმ პოლიტიკის გამგრძელებლები იქნებიან რაც იყო 2003-2012 წლებში, თავის ძალადობით, ქონებების წართმევით, მედიის კონტროლით და ასე შემდეგ, - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის მაჟორიტარად წარდგენა იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების წარსულში დაბრუნება სურს.
„მურთაზ ზოდელევა, გახლავთ ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის დროსაც ბიზნესი გაძარცვეს. გილიოტინის ფუნქციებს ასრულებდა თუ ამ კაცს წამოაყენებენ კანდიდატად სწორადაც მოიქცევიან, რადგან ეს არის მათი სახე რომელიც ზუსტად იმეორებს სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის ყველა ელემენტს. უნდა დააყენონ, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს ეს არის ძალადობის, წარსულში დაბრუნების მესიჯი”, - განაცხადა სესიაშვილმა.
ფოთში, ხობსა და სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება.