The Daily Beast: დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ

The Daily Beast: დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ

„დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ“, - სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს. პუბლიკაციაში საუბარი საქართველოს მთავრობის პროგრამაზე, რომელიც უცხოელებს საქართველოდან 1 წლის განმავლობაში დისტანციური მუშაობის საშუალებას ვიზის გარეშე აძლევს.

სტატიის ავტორი ყურადღებას აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ამერიკაში COVID-19-ით 183 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 19-ს უდრის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ში რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოში გადმოსახლება ადამიანების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

„ბოლოს და ბოლოს, თუ მაინც სახლიდან იმუშავებთ, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ქვეყნიდან, სადაც ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალების ექვსეულიდან ერთ-ერთი მდებარეობს, სადაც არაჩვეულებრივი სამზარეულოა, საოცრად ლამაზი მრავალხმიანობის ტრადიცია და ქვევრის ღვინის საკმარისი რაოდენობა, რათა 2020 წელი საერთოდ დაგავიწყოთ“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ამერიკელ გიდ პოლ რიმპლსაც გაესაუბრა, რომელიც 2002 წლიდან თბილისში ცხოვრობს.

„რა თქმა უნდა, თბილისი უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ევროპის სხვა ქალაქები, განსაკუთრებით თუ დასავლური სტანდარტის ხელფასი გაქვთ. ერთი კილოგრამი პომიდორი 50 ცენტი ღირს, 1 ლიტრი კარგი სუფრის ღვინო კი დოლარი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, მინუსებიც არის, მაგრამ აშშ-სგან განსხვავებით, ის წინსვლის გზაზეა. თბილისიდან ვურეკავ ჩემს ოჯახს კალიფორნიაში და ვეკითხები „როგორ ხართ მანდ?“, - ამბობს რიმპლი.

ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 16 ივლისს გაავრცელა.