ალექსანდრე გოგინავა: კორონავირუსს აქვს უნარი, ქრონიკული თუ თანდართული დაავადებები გაამწვავოს

ალექსანდრე გოგინავა: კორონავირუსს აქვს უნარი, ქრონიკული თუ თანდართული დაავადებები გაამწვავოს

კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი ინფექციაა, რადგან სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით ის აზიანებს მრავალ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსს ახლაც დაახლოებით ის სიმპტომები აქვს, რაც თავიდანვე იყო ცნობილი და სიმპტომებით ძალიან ჰგავს სხვა რესპირაციულ ვირუსებს.

„კორონავირუსი ძირითადად აზიანებს სასუნთქ სისტემასა და ფილტვებს. მოგეხსენებათ, რომ პნევმონია არის ყველაზე ხშირი და მძიმე გართულება ამ ვირუსის. გარდა ამისა აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, იმუნურ სისტემას, სისხლის შემდედებელ სისტემას, განსაკუთრებით აზიანებს იმ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, სადაც ადამიანს აქვს პრობლემა. გარდა იმისა, რომ კორონავირუსი თვითონაც მძიმედ მიდის, ასევე აქვს უნარი, რომ ქრონიკული თუ თანდართული დაავადებები გაამწვავოს და შედეგად ამ დაავადებებმა უფრო აგრესიული მიმდინარეობა მიიღოს. რაც შეეხება, კორონავირუსის სიმპტომებს, ახლაც დაახლოებით ის სიმპტომები აქვს, რაც თავიდანვე ვიცოდით, ეს არის ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება გართულების შემთხვევაში, ასევე ყნოსვისა და გემოს დაქვეითება და ა.შ. ძალიან ჰგავს სიმპტომებით სხვა რესპირაციულ ვირუსებს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.