რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს მის ბინაში ჩაწერას და მასთან ცხოვრებას სთავაზობს. ამის შესახებ კანდელაკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
"აქ ბევრი გუბერნატორი ჟერარ დეპარდიეს მის ბინაში ჩაწერას სთავაზობს. მოდით, იგი არ გავიყოთ, უბრალოდ მე მომეცით. ჩემთან ჟერარი გახდება და სპორტით დაკავდება! მზად ვარ, იგი ჩემს ბინაში ჩავწერო! დაე, იცხოვროს ბედნიერად. და თქვენთან რას გააკეთებს!?", - წერს კანდელაკი.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჟერარ დეპარდიემ, რომელიც ნიკოლა სარკოზის მომხრე იყო, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის გამარჯვებისა და მისი საგადასახადო რეფორმის გამო ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.
დეპარდიე ფრანგულ პასპორტზე უარის თქმას და ბელგიის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპარდიეს რუსული პასპორტის მიღება სურდა. თუმცა, რუსული სააგენტოების ცნობით, მიგრაციის ფედერალურ სამსახურში ფრანგი მსახიობისგან თავშესაფრის ან მოქალაქეობის მინიჭების თხოვნა არ შესულა.